შენი ხმა შორიდან მესმოდა, ბოკა. ათას ხმაში განვასხვავებ შენს ხმას და ქშენას, რომელიც ძალიან ჰგავს ძველი, ორთქლზემავალი გემების მძლავრ ამოხვნეშას კოლონიური საპორტო ქალაქიდან მრავალთვიან რეისზე გასვლის წინ.
გზა
მოაბიჯებ აველანდა დელ ლიბერტადორის გრძელ და დაუსრულებელ ხეივანში და გესმის ბოკას ჭეშამარიტ შვილთა ხმები, რაც გამოიხატება ავტომობილის სიგნალებსა და ლურჯ-ყვითელ მაისურებში, ქუდებში, შორტებში გამოწყობილ ადამიანთა სიმღერებში, რომელთა შორის “ალე, ალე, ალე, ბოკა” იმდენჯერ მოისმინე, რომ სანამ მის უდიდებულესობა “ბომბონერას” მიაღწევ, შენც იმეორებ გულში ამ უმარტივეს, მაგრამ ჩამთრევ მოტივს. იმეორებ და რაღაცნაირად, მორიდებულად მიჰყვები სხვებს, რომლებიც აქაურები არიან, საკუთარ ქალაქში, ანუ საკუთარ სახლში არიან და უნდა იხილონ საკუთარი გუნდის მორიგი მატჩი, რომელიც რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, მაინც არ შეცვლის მათ განწყობას კლუბის მიმართ, რომლის სიყვარულიც ადადან და ბაბადან მამიდან შვილს გადაეცემა და ასე, ვეფხისტყაოსანივით, ხელიდან-ხელში და გულიდან-გულში გადასვლით მოაღწია ჩვენს ეპოქამდე.
მიჰყვები ბუენოს აირესის დახატულ ქუჩებს, მარაოსავით გაშლილ ქომაგთა კოლონებს და სულ თავს გახსენებს ძველი დარდი, რომ შენ ხარ გულნაკლული ქართველი, რომელსაც არ გაქვს საკლუბო ფეხბურთი და მდგმურად შეჰხიზნებიხარ “ბოკა ხუნიორსსა” და მის დიად ქომაგობას, რადგან გინდა იგრძნო ნამდვილი ფეხბურთის ძალა და სული. ბავშვობიდან იცი, რომ ქომაგობა სწორედ ესაა, რასაც უბან ბოკას მაცხოვრებლები სჩადიან. გუნდისთვის თავდადებაც ესაა და საერთოდ, ფეხბურთიც ესაა და არა ის, რასაც ქომაგებს ქართული კლუბები ყოველ ზაფხულს გვაკადრებენ. რის გამოც, ლამის მთელმა ქვეყანამ უარი ვთქვით საკლუბო ფეხბურთზე (ამის გარეშე კი ფეხბურთი დედამიწაზე არსად გაჭაჭანებულა) და მხოლოდ ნაკრებს შევცქერით ბეჩავი იმედით.
ფიქრები
“ხუნიორსის” განსაკუთრებით აქტიურ და შესაბამისად გადარეულ გულშემატკივრებს ავტობუსები ჰყავთ დაქირავებული, რომლებსაც აფორმებენ საკლუბო ფერებით, აკრავენ დროშებს, პლაკატებს, ჩაიდგამენ იქ აურაცხელ ლუდსა და მათრობელა არცთუ ლეგალურ რამე-რუმეებს და მატჩის დღეს დილიდანვე მთელს ქალაქს აყრუებენ მეგაფონში თუ მიკროფონში ხმის ჩახლეჩვამდე ძახილით, რომ “ბოკა უკვდავია”, რომ “ბოკა რომც დამარცხდეს, მაინც აღმატებული იქნება მის მოსისხლე “რივერ პლეიტზე” და როდესაც ლურჯ-ყვითლები საშინაო თამაშს მართავენ, მტერ-მოყვარემ იცის, რომ ბოკას ქომაგებს ყველა უნდა გაეცალოს გზიდან, რამეთუ ბოკას ჟამმა ჩამოჰკრა!
სულ მჯეროდა, რომ დედამიწაზე აუცილებლად იქნებოდა ადგილი, სადაც ფეხბურთი სწორედ ისე უყვართ, როგორც ჩვენ ეს ძველ წიგნებში წაგვიკითხავს. სადაც უზარმაზარ ფულს ბოლომდე არ გაუბიზნესებია ფეხბურთიცა და ფეხბურთის ქომაგთა გუნებაც. ვოცნებობდი მენახა ფეხბურთი, სადაც გულშემატკივრობა მხოლოდ სხვათა დასანახად სელფებისა და ფოტოების გადაღება არაა და არც ფეხბურთელების სიყვარული იქნებოდა ოდენ მაისურზე ხელისმომწერობა და მასთან სასოციალურქსელო ფოტოს გადაღება.
და მე ვნახე ბოკა! ბოკა, რომელიც არის ერთობა უბნის, გუნდის, ფეხბურთელებისა და რაც მთავარია, ხალხის! უბრალო ხალხის, ადამიანების, რომლებიც სტადიონზე ყველაზე იაფფასიანი აბონიმენტებით დადიან და გუდს სწორედ ისინი უკვალავენ გზას. მეტიც - მათ გარეშე ეს გუნდი არც ყოფილა და ვერც იქნება!
ბოკა
ბოკა ერთ დროს ბუენოს აირესის ყველაზე ღარიბი და ბნელი სამხრეთით მდებარე გარეუბანი იყო, სადაც პორტის მუშები ცხოვრობდნენ და საღამოს აქ გავლა ნამეტნავად საშიში იყო, რადგან ათასი ჯურის წვრილმანი ბაცაცები და იაფფასიანი მეძავები ისე გაგფრცქვნიდნენ, როგორც დიეგო მარადონას დედა ფრქცვნიდა მარადონების უღარიბესი ოჯახის ყველაზე მოხმარებად პროდუქტს - კარტოფილს. ბოკას ამჟამინდელი ფერადოვნება სრულიად შემთხვევით გახდა ამ უბნის სახე და იმიჯის ნაწილი.
უბანში ახლადდასახლებულ ღარიბ ხალხს ხელთ რა ფერის საღებავიც მოხვდებოდა, იმ ფერად ღებავდა საკუთარ სახლებსა თუ ღობეებს და ამგვარად ფარშევანგივით აჭრელდა ეს ჩაშავებული დასახლება. ადამიანი მიმბაძველი არსებაა და სხვებმა შემდეგ უკვე სპეციალურად დაიწყეს სახლების სხვადასხვა ფერში გადაღებვა, უბნის სტილი რომ შეენარჩუნებინათ.
აი სწორედ ამ დროს, ამ ფერთა აღრევისას დაიბადა კლუბი სახელად “ატლეტიკო ბოკა ხუნიორსი”, რომელიც დღეს სამართლიანად ითვლება მთელს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე “ხალხოსნურ” კლუბად, რომელიც არგენტინის გარეთაც ბევრს გვიყვარს, რადგან სწორედ მასთანაა დაკავშირებული დიეგო მარადონას უკვდავი სახელი (დიდი ბოდიშის მოხდით ხუან რომან რიკელმესთან, რომელიც ბოკას ფანებს მარადონაზე არანაკლებ უყვართ). მართალია, დიეგო მარადონამ თამაში, ბევრი სხვა მაგარი არგენტინელი ფეხბურთელის მსგავსად, “არგენტინოს ხუნიორსში” დაიწყო, მაგრამ მისი აღიარება მაინც ბოკაში მოხდა.
ბოკა - ესაა ერთგვარი ბეჭედი და თუკი შენ “ბომბონერაზე” ბურთი გიგორებია, თითქოს, რაღაცნაირად აღმატებული ხარ სხვაზე. ამას ცხადია სხვა არგენტინული კლუბების ქომაგები ასე ხმამაღლა არასოდეს აღიარებენ, თუმცა გულისგულში ალბათ ყველამ იცის, რომ ბოკას მაისურის ჩაცმა სულ სხვა რამაა, როგორც მაგალითად, მუსლიმისთვის მექასა და მედინაში მოლოცვაა. ამიტომაცაა, რომ მექას მომლოცველი მუსლიმი სხვა მუსლიმებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. და რაკი არგენტინისთვის ფეხბურთი ჭეშმარიტად რელიგიაა, “ბოკა ხუნიორსის” მაისურის ჩაცმა და მწვანე მინდორზე გასვლა ერთგვარი კურთხევაა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ამ კლუბის ქომაგი იძლევა.
ქომაგები
არ ვიცი, რა გქვია შენ, 70 წელს მიტანებულო სენიორა. ალეხანდრა ხარ თუ დანიელა, მონიკა თუ ანჯელა, მაგრამ თბილისურად რომ გითხრა, ცოტა „ვერლავეს“ ხომ არა ხარ ბაბო-ჯან? არა გრცხვენიან, ეს ამოდონა „გოდების“ გამვლელი ქალი ტრიბუნის მოედნისგან გამყოფ რკინის უზარმაზარ ცხაურს რომ შესჭიდებიხარ და ზედ აბობღებასაც ცდილობ?! და რომც აბობღდე, შენა გგონია, იქიდან პოლიცია არ ჩამოგაგდებს? ან ეს რიკელმეს მაისური სად ააგდე ბაბო-ჯან? დავიჯერო, თვითონ რომანამ გიფეშქაშა? ვინ იცის...
...ჩემი კისრიდან მსუქანი ხელი აიღე ბაყბაყ-დევო ძიავ, სახელად მარსელო! ვიცი, რომ კარგი კაცი ხარ და შენ ჩემზე მეტად გინდა საკუთარი მოჭუტული თვალებით დაინახო როგორ მოუგებს ბოკა მენდოზადან ჩამოხეტებულ „ინდეპენდიენტეს“ და გაუშვებს იქ, სადაც მათი ადგილია, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ გაჩენილი ღვთისაგან?! ყველანი თავზე ნუ მახტებით, სათითაოდ მაინც დაჯექით რაღა! შენ არა, შენ გაიწიე მსუქანო ძიავ, ძაან დიდი ხარ შე ოხერ-ტიალო!..
...პატრონი არა გყავს შვილო აბელ? ვის გამოჰყევი ან ვინ გიწინაძღვრა ამ გადატენილ „ბომბონერაზე“ რომ შემომძვრალხარ? თამაშს შენ ვერა ხედავ (რადგან ყველა შენზე მაღალია და გეფარებიან) და შენი წკრიალა ხმა რას მოვა ამ შეშლილთა ბღავილთნ, მაგრამ მაინც არ ეპუები არაფერს, ჩვენს ფეხთა შორის ხვლიკივით მიძვრები და პერიოდულად ქვემოდან გვესმის შენი შეკივლება - „ვამოს ბოკაა, სიკვდილი „ინდეს!“ სიკვდილი „რივერ პლეიტს!“... ეს „რივერ პლეიტი“ ბოკას ქომაგებისთვის „გლობალური ომის პარტიასავითაა“. მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა სახსენებელი, მუდამ მის გინებაში არიან. გინება კიდევ ისეთი იციან, პატაგონიის მთებიდან შეძახილი, წნორში ხეებს შეარხევს...
...აი, შენ კიდევ, ცალ ფეხზე ინდაურივით რომ დამდგარხარ 40-ოდე წლის მხნე კაცო, თავზე უგაცვეთილესი საკლუბო ქუდი ჩამოგიმხია და მორფიან პაპიროზსა სწევ, განა ბნელა? სადაა ქართული, ეროვნული მილიცია-პოლიცია რომ ერთი კარგა გემოზედ თბილისურად გგვემოს! მერე აგათრიოს სამარშრუტო ტაქსში, იქ უკვე სპეცრაზმმა გცემოს სასტიკად, მერე წაგიყვანონ ციხეში და ღირსი არა ხარ 5000-ლარიანი ჯარიმაც აგაკრან 2 ნომერი ტრამვაის ბილეთივით! სადაა კანონი და სამართალი მაგ ოხერ არგენტინაში, თორემ, შენნაირი ბიჭები „ბომბონერას“ ტრიბუნაზე მთელი ხმით კი არ უნდა მღეროდნენ უძველეს, უბრალო, გულში ჩამწვდომ საკლუბო სიმღერას, საპატიმროში უნდა ისხდნენ და იმათი მშობლები შვილის გამოსახსნელ ფულს აგროვებდნენ. მარა თქვენ კანონისა რა იცით!..
ლევან სეფისკვერაძე ბუენოს აირესიდან