13 ოქტომბერს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი, დიდი მნიშვნელობის მატჩი ელის.
ბოლო ტურში გიორგი დევდარიანის გუნდი რუმინეთის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც წინა ორივე თამაში წაგებული აქვს. კვიპროსი კი, რომელსაც ჩვენსავით 3 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამოგვრჩება, ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ეთამაშება.
მოკლედ, ძალიან დაძაბული და საინტერესო ბოლო ტური გველის. ორივე მატჩი კვლავ „მიხეილ მესხის“ სტადიონის ძირითად და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება და დღის 4 საათის ნაცვლად, 3 საათზე დაიწყება.
მიუხედავად ორ მატჩში მიღებული შვიდი ყვითელი ბარათისა, საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი რუმინეთთან თამაშს არ ტოვებს. იგივე მდგომარეობაა მონტენეგროსა და რუმინეთის ნაკრებებშიც. კვიპროსელები კი, გუნდის ძირითად მეკარეს მოისაკლისებენ, რომელმაც გაფრთხილებები ორივე თამაშში მიიღო და ბოლო ტურს დააკლდება.
ჯგუფის ბომბარდირთა დავაშიც არავინ დაწინაურებულა – ყველას თითო გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსთან მატჩში, ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ნაკრების ახალწვეულს – ლადო მოხევიშვილს, რომელმაც ტურნირის დაწყებამდე აიღო ახალი ქართული პასპორტი. ესპანური „ლევანტეს“ ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში, საჯარიმო დარტყმით თავისი პირველი გოლიც გაიტანა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
მოკლედ, 13 ოქტომბერს, გიორგი დევდარიანის გუნდს რუმინული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, შანსი აქვს უპრობლემოდ გავიდეს ჯგუფიდან და ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. ამ გუნდმა, 17-წლამდე ასაკში, თითქმის ანალოგიური სცენარით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველი წაგების შემდეგ, დანარჩენი ორი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. იმედია, ბიჭები ამ შედეგს კვლავ გაიმეორებენ.
სფფ-ის პრესსამსახური