სხვა

11:32 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რა არის პიელონეფრიტი?

პიელონეფრიტი არის ბაქტერიებით გამოწვეული თირკმლის ანთება, რაც უპირატესად ვითარდება ინფექციის შარდის ბუშტიდან თირკმლებში გავრცელებით, თუმცა ბაქტერიები თირკმლებში შეიძლება მოხვდნენ ორგანიზმში არსებული სხვა ინფექციური კერებიდანაც სისხლის საშუალებით. პიელონეფრიტი აზიანებს თირკმელს და იწვევს მისი ფუნქციის დაქვეითებას.

საშარდე გზების ინფექცია, მათ შორის პიელონეფრიტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში, თუმცა უფრო ხშირია ქალებში შარდსადინარი მილის ანატომიური თავისებურებების გამო. ასევე ორსულობის მესამე ტრიმესტრში, საშარდე გზებზე საშვილოსნოს ზეწოლის და შარდის ნორმალური დინების შეფერხების გამო.

ვინ არის რისკ-ჯგუფში?

პიელონეფრიტის განვითარების რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ საშარდე სისტემის სხვადასხვა დაავადება, კერძოდ: ქრონიკული ცისტიტი, პროსტატიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და ა.შ. ასევე ქრონიკული დაავადებები მაგ: შაქრიანი დიაბეტი და ზოგადად დაავადებები, რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის დაქვეითებას.

დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა მიმართოთ უროლოგს, რადგან დროული მკურნალობის გარეშე ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სისხლში და განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, სეფსისი. ასევე დაავადების ხშირად განმეორების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის შეჭმუხვნა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

პიელონეფრიტის სიმპტომებია:

  • ტკივილი წელის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მუცლის და საზარდულის არეში;
  • ტემპერატურის მომატება 39°C მდე;
  • შემცივნება, კანკალი;
  • გახშირებული, მტკივნეული შარდვა;
  • მკვეთრი სუნის, მღვრიე შარდი;
  • გულისრევა, ღებინება;
  • ზოგადი სისუსტე;
  • ოფლიანობა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პიელონეფრიტის დიაგნოზის დასმა ხორციელდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ერთობლიობით.

პირველად კვლევებს მიეკუთვნება:

  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • საშარდე სისტემის ექოსკოპია.

დაავადების მკურნალობა ხდება როგორც ამბულატორიულ ისე საავადმყოფოს პირობებში, რაც დამოკიდებული დაავადების სიმძიმეზე, პიელონეფრიტის ფორმასა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. პიელონეფრიტის მკურნალობა არის მედიკამენტოზური, კერძოდ ანტიბიოტიკოთრაპია.

რეკომენდაციები პიელონეფრიტის თავიდან ასაცილებლად:

  • სითხეების და განსაკუთრებით წლის დალევა, შარდის მოცულობის გასაზრდელად, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამოდევნას საშარდე გზებიდან;
  • დროულად მოშარდვა, მოშარდვის სურვილის გაჩენისთანავე;
  • მოშარდვა სქესობრივი აქტის შემდეგ, ქალებში;
  • მოშარდვის შემდეგ გამშრალება წინიდან - უკან, რათა ბაქტერიები სწორი ნაწლავიდან არ მოხვდნენ შარდსადინარ მილში.

®

0.124241