ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში მე-200 მატჩი დღეს ითამაშა. ლიგა ენდესას მე-8 ტურში მისი ლეიმა კორუნა გრანადაში, კოვირანს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოოლაში – 77:80 წააგო.
საიუბილეო მატჩი ქართველი ფორვარდისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების წევრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 20:36 წუთი გაატარა. ბექამ საშუალო მანძილიდან 3-ჯერ შეუტია და 2 ჩააგდო. მან მთლიანობაში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ბექამ ესპანურ ლიგაში პირველი შეხვედრა 2010-2011 წლების სეზონში ითამაშა, როცა “კახასოლის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა და დიდებში მცირე ხნით ათამაშეს. ბექამ თავისი პირველ შეხვედრაში “ბილბაოს” წინააღმდეგ 35 წამი ითამაშა. მას შემდეგ ბურჯანაძემ 4 კლუბი გამოიცვალა – ანდორა, გრან კანარია, რეალ ბეტისი და ახლა ის ლეიმა კორუნაში გამოდის, რომელსაც გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაში დაეხმარა.
ბურჯანაძე 17 ნოემბერს ფინეთში გაემგზავრება და საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში დახვდება.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია