საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, შეტევაში ხშირად თამაში ჩვენც გვინდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. წინა თვესთან შედარებით მეტი აგრესიით უნდა ვითამაშოთ, ეს გამოსასწორებელია. საბა გოგლიჩიძე ტრავმირებულია, ხოლო ლაშა დვალს დისკვალიფიკაცია აქვს, ამიტომ მათი შეცვლა მოგვიწევს.
ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავი გვყავს, მომავალში იქნება გარკვეულწილად თაობათა ცვლილებაც. ამხანაგური მატჩების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რაც ართულებს ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდში ინტეგრირებას. თამაშიდან თამაშამდე ვართ ორიენტირებული, ერთა ლიგის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გავაკეთებთ აქცენტს.
სკოლაში ცუდად ვსწავლობდი (იღიმის -რედ)... არ ვიცი, რამდენი ქულაა საჭირო ამ ჯგუფის მოსაგებად, მარტო ის ვიცი, რომ ორივე თამაშის მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. თუმცა, ჩემთვის მთავარი შედეგი არაა, მთავარია, გუნდმა კარგი თამაში აჩვენოს“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.
საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან უარყოფითი ბალანსი აქვს: 10 მატჩი, 0 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება. მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.