ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღე დასრულდა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა.
დიდი და მონატრებული დუელი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც „მილანმა“ მადრიდის „რეალი“ 3:1 დაამარცხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, ევროპულ კლასიკაში.
პაულუ ფონსეკას გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელად შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო. პირველ ტაიმში მალიკ ჩაომ და ალვარო მორატამ გაიტანეს, რასაც ვინისიუსმა პენალტით უპასუხა. მეორე ნახევარში ტიჯანი რეინდერსმა ორბურთიანი გახადა სხვაობა და „როსონერიმ“ მოიგო. ოთხი ტურის შემდეგ „მილანს“ 6 ქულა აქვს, ისევე, როგორც „რეალს“, რომელმაც უკვე მეორედ წააგო ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა, „ბარსელონასთან“ გაანდგურების შემდეგ.
კიდევ უფრო დიდი სენსაცია ლისაბონში დაფიქსირდა, სადაც „სპორტინგმა“ „მანჩესტერ სიტი“ 4:1 გაანადგურა! რუბენ ამორიმი სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი გახდება და ლისაბონურ პუბლიკას დაემშვიდობა, ხოლო „სიტისთან“ მომავალი დერებების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.
დიდებული იყო ვიქტორ გიოკერეში, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. შვედს საოცარი სეზონი აქვს. თავის მხრივ, ერლინგ ჰოლანდმა პენალტი ვერ გაიტანა. სხვათა შორის, თავიდან პეპ გვარდიოლას გუნდი იგებდა, თანაც უკვე მესამე წუთზე, მაგრამ მარცხი განიცადა. 2018 წლის შემდეგ პირველად „სიტიმ“ ზედიზედ სამი მატჩი წააგო. „ქალაქელები“ ბოლო ერთ კვირაში „ტოტენჰემთან“, „ბორნმუთთან“ და „სპორტინგთან“ დამარცხდა. „სიტის“ ოთხ ტურში 7 ქულა აქვს, ხოლო „სპორტინგს“ – 10, ასე რომ, შესანიშნავად თამაშობს.
ჩემპიონთა ლიგაზე ისევ უდანაკარგოა „ლივერპული“, რომელმაც „ლევერკუზენი“ 4:0 გაანადგურა. „ენფილდზე“ ჩაბი ალონსო დაბრუნდა, მაგრამ ეს დაბრუნება კარგად არ უნდა გაახსენდეს. გერმანელებმა მე-60 წუთამდე გაძლეს, მერე 4 უპასუხო გოლი გაუშვეს და ჰეთ-თრიქი ლუის დიასმა შეასრულა. „ლივერპულს“ 12 ქულა აქვს, ხოლო „ლევერკუზენს“ – 7.
კიდევ ერთი გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე დიდებულად - „მონაკო“, რომელმაც ამჯერად სტუმრად „ბოლონიას“ 1:0 აჯობა და უკვე 10 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო „ბოლონიას“ აქტივში მხოლოდ ქულაა.
„ლილმა“ „რეალის“ და „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ, „იუვენტუსის“ დამარცხებაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჯონათან დავიდის გოლით ფრანგებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში დუშან ვლაჰოვიჩმა გაათანაბრა. ზოგადად, „იუვე“ უპირატესობას ფლობდა და წაგებას არ იმსახურებდა, უფრო მოგება ეკუთვნოდა. ორივე გუნდის აქტივში ოთხი ტურის მერე 7-7 ქულაა.
გლაზგოს „სელტიკმა“ „ლაიფციგთან“ 3:1 გაიმარჯვა. თავიდან გერმანელები იგებდნენ, მაგრამ შოტლანდიელებმა მერე უშეცდომოდ ითამაშეს. „სელტიკს“ 7 ქულა აქვს, ხოლო „ლაიფციგმა“ ოთხივე თამაში წააგო და უქულოდაა.
„დორტმუნდმა“ ოთარ კიტეიშვილის „შტურმთან“ 1:0 მოიგო და 9 ქულა დააგროვა, ხოლო ავსტრიის ჩემპიონი ქულის გარეშეა.
„ბოლონია“ – „მონაკო“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კერერი (86)
„სელტიკი“ – „ლაიფციგი“ 3:1 (2:1)
გოლები: 0:1 ბაუმგარტნერი (23), 1:1 კუნი (35), 2:1 კუნი (45), 3:1 ჰატატე (72)
„რეალი“ – „მილანი“ 1:3 (1:2)
გოლები: 0:1 ჩაო (12). 1:1 ვინისიუსი (23, პენ), 1:2 მორატა (39), 1:3 რეინდერსი (73)
„დორტმუნდი“ – „შტურმი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მალენი (85)
„ლილი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 დავიდი (27), 1:1 ვლაჰოვიჩი (60, პენ)
„ლივერპული“ – „ლევერკუზენი“ 4:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიასი (61), 2:0 გაკპო (63), 3:0 დიასი (83), 4:0 დიასი (90)
„სპორტინგი“ – „მანჩესტერ სიტი“ 4:1 (1:1)
გოლები: 0:1 ფოდენი (4), 1:1 გიოკერეში (38), 2:1 არაუხო (46), 3:1 გიოკერეში (49, პენ), 4:1 გიოკერეში (80, პენ)