ფეხბურთი

2:00 | 12.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი რებროვი: "ბიჭებმა თქვეს, რომ ასეთი ცუდი მოედანი არასდროს უნახავთ"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, დღეს მისი გუნდისთვის მთავარი შედეგი იყო, რომელსაც მიაღწიეს.

„ყოველთვის თამაშზე ვარ ორიენტირებული, გვერდითი ფაქტორები ხელს არ მიშლის. ყველა ფეხბურთელი დაიხარჯა და რაც მთავარია, შედეგიც აჩვენეს, რაც ახლა მთავარია.

შეიძლება თქვენ არ გინახავთ, მაგრამ წინა ორი მატჩიც იმ ინტენსივობით ვითამაშეთ, როგორც დღეს. ვთქვი, რომ ჩეხეთთან 20-ჯერ დავარტყით, მაგრამ წავაგეთ, ორ მატჩში 5 გოლი გავუშვით და ასე მოგება ძალიან რთულია. დღეს მთავარი შედეგი იყო, მადლობელი ვარ ფეხბურთელის არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოიგეს, არამედ იმიტომაც, რომ მოედანზე მათი როლი გაიგეს.

რა მოხდა ქართველებთან მეორე ტაიმში? მცირე დავა იყო, ცოტა დავუყვირეთ ერთმანეთს, რადგან შედეგზე ყველა წუხდა, მაგრამ ეს პრობლემა არაა. კვარაცხელიას შეჩერებაში განსაკუთრებული მიდგომა? საქართველოს ნაკრებს ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევი ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობთ, რომ მათ, რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ ბურთი ჩვენი კარისკენ, ამიტომ, უფრო ახლოს ვეთამაშებოდით. მეორე ტაიმში ხვიჩა უფრო სიღრმეში თამაშობდა, ეს ჩვენთვის უკეთესი იყო, რადგან ის მაღალი ინდივიდუალური თვისებების მქონე ფეხბურთელია.

კალიუჟნის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი მისი თვისებები. „დინამოში“ ჩემთან იყო. როცა მოედანზე გამოდის, ყველაფერი ავიწყდება. დღეს აჩვენა, რომ ძალიან კარგად მუშაობს, მან ეს გამოწვევა დაიმსახურა და მისი მჯერა, ის არ გაჩერდება იმაზე, რაც დღეს გააკეთა.

ტარას სტეპანენკოს მადლობელი ვარ. ის ნაკრებში მოვიდა, პროფესიონალია, თამაშისთვის ფრთხილად მოემზადა. სამწუხაროდ, მაქვს ტრავმა აქვს. დღეს მასზე დაყრდნობა არ შეგვეძლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ მისი იმედი გვაქვს.

ძალიან რთული მოედანი იყო. ყველა ფეხბურთელმა თქვა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი საფარი, რაც ოდესმე უნახავთ, მიუხედავად ამისა, ხასიათი გამოიჩინეს და სამი ქულა აიღეს. ორი-სამი კვირის წინ ირჩეოდა სტადიონი და ამ სტადიონის შერჩევა სწორი არჩევანი იყო, რადგან მაშინ საფარი განსხვავებულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ასეთი ამინდის გამო გაფუჭდა“, - თქვა რებროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.

0.137332