„ბარსელონას“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც დაადასტურა, რომ თამბაქოს მომხმარებელია.
როგორც პოლონელმა აღნიშნა, ეს მას ხელს არ უშლის თამაშში და არ აპირებს, მოწევისთვის თავის დანებებას:
„არის ჩვევები, რასაც ვერ გადავეჩვევი და არავის საქმე არ არის, თუ მე ვეწევი. ეს არ მოქმედებს იმაზე, რასაც მოედანზე ვაკეთებ, პირიქით, ორჯერ მეტს ვმუშაობ.
ბავშვების თვალწინ არ ვეწევი და მათ ცუდ მაგალითს არ ვაძლევ, უბრალოდ, ზოგჯერ ვიღაცები ფოტოებს მიღებენ ხეებს მიღმა დამალულები, სადაც მათ ვერ ვხედავ. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვცდილობ, დავმალო და საჯაროდ არავის ვაჩვენებ.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი პირადი ცხოვრების წესს შევიცვლი, ცდება, რადგან მე ის ვარ, ვინც ვარ. მინდა, შემაფასონ, როგორც მეკარე და არ ეძებონ ისტორიები, რომლებიც არავის აინტერესებს“, - თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნიმ „არსენალში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა, ხოლო ზაფხულში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ ესპანურმა კლუბმა მიიწვია და კარიერაც გაანახლა. როგორც პოლონელმა თქვა, „ბარსელონაზე“ უარის თქმა არ შეეძლო. მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.