ფეხბურთი

0:28 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ფეხბურთელებმა კარგად იციან რა დონის თამაში გველოდება და ჩემი გუნდის მწამს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა ევროპის 2025 წლის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩის წინ ისაუბრეს.

შვედეთთან შეხვედრაში საქართველოსთვის თუნდაც ფრე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს, რაც სულ მცირე პლეი-ოფში თამაშის საშუალებას მისცემს.

რამაზ სვანაძე: „დასკვნით ეტაპზე ვართ მისული, ეს გეგმა, რომელიც პირველივე ტურიდან გვქონდა, რომ ბოლო ტურამდე გვქონოდა რეალური შანსი, შეასრულეთ და ეს ძალიან კარგია, რის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას მთელი გუნდის მხრიდან. ეს ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მაგრამ ამავე დროს მოვიდა ის ეტაპი, როცა თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა დონის თამაში გვაქვს, რა დონის გუნდთან და რა მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი საუბარი საჭირო არაა, ყველაფერი ნათელია. ეს იქნება ფსიქოლოგიური ტესტი, სადაც ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რაც ჩემს გუნდს ყოველთვის გამოარჩევდა. ამიტომ მწამს და მჯერა ჩემი ფეხბურთელების. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი. ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ ნაყოფიერად მოვემზადეთ და მზად ვართ თამაშისთვის“.

ირაკლი აზაროვი: „მიხარია 21-წლამდე ნაკრებში დაბრუნება, მიხარია, რომ ასეთ თამაშში ვეხმარები გუნდს. ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩები გველოდება წინ და ყველანაირად ვემზადებით, რომ ეს ორი თამაში მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველოს 16 და შვედეთს 14 ქულა აქვს. საქართველო შვედეთს ესტუმრება, ხოლო შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან (15 ოქტომბერს, ქუთაისში), ხოლო შვედეთი საქართველოს შემდეგ ჯგუფის ლიდერ, მაგრამ უმოტივაციო ნიდერლანდებს ესტუმრება. შვედეთი-საქართველოს მატჩი 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

0.116298