საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ერთა ლიგის მატჩების წინ მიმდინარე შეკრებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კლუბში კარგად თამაში ნაკრებში ფსიქოლოგიურად ძალიან ეხმარებათ.
"ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ხვალ უკვე სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ მზადებას. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ.
კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. განსაკუთრებით შეკრების წინ ეს ძალიან გეხმარება ფსიქოლოგიურად. გოლები მჭირდებოდა პირადად მე და გუნდსაც. გახარებული ვარ და ეს ყველაფერი ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გადმოვიტანო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა", - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.