საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:
"დინამო არენას საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანი და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ ამ სტადიონზე ვითამაშოთ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სტადიონის ტევადობის სრულად ათვისებას შევძლებთ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში. შესაბამისად, ნოემბრის თამაშს ბათუმი უმასპინძლებს. თუ მარტისთვის დინამო არენა მზად იქნება, ტევადობის სრულად ათვისების პირობებში სიამოვნებით ვითამაშებთ იქ.
ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი გუნდის მწვრთნელია. დიდი გზა გამოვიარეთ და წარმატებულად მოვდივართ ერთად. როდესაც ორივე მხარეს სურს თანამშრომლობის გაგრძელება, გზა ყოველთვის მოიძებნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ. დანარჩენს, მომავალი გვიჩვენებს.
ჩვენი მიზანია და ეს განვითარების პროგრამაშიც გვიწერია, რომ ეროვნულ ნაკრებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რომელიც, ყველა ნაკრების მიერ იქნება გამოყენებული. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ როგორც კაცთა, ისე ქალთა ნაკრებს ახლო მომავალში ჰქონდეს საკუთარი სახლი.
ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. საელჩოც საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს შორის. სწორედ შვედეთთან მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებთან იქნება. ამ კომუნიკაციის შედეგად, მთავარი მწვრთნელები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ორივე გუნდისთვის“, - თქვა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.