ფეხბურთი

17:30 | 30.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "სამგურალს" 7-გოლიან თრილერში აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტური ძალზე დრამატული და დაძაბული შეხვედრით დაიწყო, რომელშიც „იბერიამ“ „სამგურალს“ 4:3 აჯობა.

ლევან კორღალიძის გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და შეცდომის უფლება აღარ აქვს. ამიტომ, თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს, უკვე მე-17 წუთისთვის გიზი მამაგეიშვილის და შეიკნე სილას გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

თუმცა, მიხეილ აშვეთიას გუნდმა მოახერხა მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა: ლუკა ხორხელმა დუბლი შეასრულა, მესამე ილია ახვლედიანმა შეაგდო და „სამგურალი“ დაწინაურდა. წყალტუბოელები ახლოს იყვნენ 3 ქულასთან, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს.

მატჩის გმირი შეცვლაზე შესული ვეტერანი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე გახდა, რომელმაც „იბერია“ წინა ტურში მარცხისგან იხსნა, ამჯერად კი მოაგებინა. სიხარულიძემ 79-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:4.

„იბერია“ 52 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „თელავს“ ესტუმრება, ხოლო „სამგურალს“ 31 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და შემდეგი შეხვედრა „დინამო თბილისთან“ ელოდება.

„სამგურალი“ – „იბერია“ 3:4 (1:2)

გოლები: 0:1 გ. მამაგეიშვილი (9), 0:2 სილა (17), 1:2 ლ. ხორხელი (24), 2:2 ლ. ხორხელი (53), 3:2 ახვლედიანი (59), 3:3 სიხარულიძე (79), 3:4 სიხარულიძე (90)

0.109367