რა იყო ეს, ზედიზედ შვიდი მოგების შემდეგ მოდუნება? მეტოქის შეუფასებლობა? თუ კიდევ სხვა რამ. ფაქტია, „ბარსელონა“ პრიმერას მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, თანაც როგორ - „ოსასუნასთან“ 2:4...
მთავარი ის არის, რომ პამპლონელებმა თამაშითაც აჯობეს მრისხანე მეტოქეს. დუბლი მიითვალა ბუდიმირმა (ერთი გოლი პენალტით), თითოც სარაგოსამ და ბრეტონესმა გაიტანეს.
კატალონიელებს კი სანუგეშოდ მხოლოდ შეცვლაზე შესული იამალის ულამაზესი გოლი თუ დარჩებათ, თორემ პირველი მათი გოლი ერთობ კურიოზული გამოდგა, შორიდან დარტყმული ბურთი მასინძელთა მეკარემ და კაპიტანმა ერერამ ხელში ვერ შეიმაგრა.
მიუხედავად ამისა, „ბარსელონა“ 21 ქულით კვლავაც ლა ლიგის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-8 ტური. 28 სექტემბერი: ხეტაფე - ალავესი 2:0, რაიო ვალეკანო - ლეგანესი 1:1, სოსიედადი - ვალენსია 1:0, ოსასუნა - ბარსელონა 4:2