სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს თურქ ჟურნალისტებთან უკვე პრობლემები აქვს.
თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში „გალათასარაისთან“ მარცხის (1:3) შემდეგ პორტუგალიელს პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია, ამის მიზეზებზე საუბარი კი მას ევროპა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოუწია.
ჟოზემ თურქი ჟურნალისტები მისდამი უპატივცემულობაში დაადანაშაულა:
„არასოდეს მეშინოდა ჟურნალისტების, კითხვების, რომლებსაც ისინი დასვამდნენ ან წაგების შემდეგ პრესკონფერენციის ჩატარების. პრესკონფერენცია იმიტომ არ ჩავატარე, რომ ორგანიზაციული პრობლემები შეიქმნა და 70 წუთი ლოდინს აზრი არ ჰქონდა. თამაშის დასრულებისთანავე მივულოცე მეტოქის მწვრთნელს, შემდეგ პირდაპირ ფლეშ ინტერვიუზე წავედი. ამის შემდეგ პრესკონფერენციისთვის 70 წუთი მომიწია ლოდინი.
თუ გგონიათ, რომ უპატივცემულოდ მოგექეცით, პირიქით - თქვენ არ იჩენთ ჩემს მიმართ პატივისცემას. მესმის, რომ პრესკონფერენციაზე ჯერ სტუმარი გუნდის მწვრთნელი უნდა შევიდეს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ორივე გუნდი სტამბოლიდან იყო“, - თქვა მოურინიომ.