ფეხბურთი

12:57 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

“გაულიგა“ და ნაცისტური ახირებები

ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია გაუქმებული და წარსულს ჩაბარებული ტურნირები. მათი უმეტესობა საერთოდ გაუქმდა და დავიწყებულ იქნა, ნაწილი კი რებრედინგდა და სახელი ან ფორმატი შეიცვალა. მაგალითად, ძველ“ბაზრობათა თასს“ წლების გასვლის შემდეგ ჯერ “უეფას თასი“ ეწოდა, რამდენიმე წლის წინ კი “ევროპა ლიგად“ გადაკეთდა. საერთოდ გაუქმდა ქართველებისთვის ესოდენ კარგად ნაცნობი “თასების მფლობელთა თასი“, საბჭოთა კავშირის პირველობა, იუგოსლავიის ჩემპიონატი, ჩეხოსლოვაკიის პირველობა და სხვა მრავალი.

აწგაუქმებული ჩემპიონატებიდან გასაგების მიზეზების გამო ყველაზე ნაკლებად იხსენებენ ჰიტლერული ეპოქის გერმანიის საფეხბურთო პირველობას, რომელსაც “გაულიგა“, იგივე “გაულიგენი“ ერქვა და ერთობ ორიგინალური, საინტერესო და უცნაური ტურნირი იყო, რომელმაც სათავე 1934 წლიდან აიღო და მესამე რაიხის დასასრულამდე - 1945 წლამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ გაულიგენის ბოლო მატჩი, 1945 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც გერმანია მოკავშირეების მიერ ყველა მხრიდან ალყაში იყო მოქცეული და გამუდმებით იბომბებოდა.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია პარტიის გავლენის ქვეშ მოექცა. სპორტის ყველა სახეობას, მათ შორის ფეხბურთს, მართავდა რაიხსპორტფიურერი ჰანს ფონ ცჰამერი და ოსტენი და. 1935 წელს გერმანიის ახლადდაარსებულ თასსაც კი (ამჟამად DFB თასი) მიენიჭა მისი სახელი. ნაცისტებმა აკრძალეს ყველა ყველა ებრაული სპორტული ასოციაცია. ებრაელი მოთამაშეების შემფარებელი კლუბები სასწრაფოდ მოიხსნა ეროვნული შეჯიბრებიდან. 1938 წლიდან ებრაელ მეპატრონეთა ყველა სპორტული კლუბი პირდაპირ აიკრძალა.

ნაცისტები დაინტერესებული იყვნენ სპორტის, განსაკუთრებით ფეხბურთის განვითარებით, რადგან სპორტში წარმატება ემსახურებოდა მათ პროპაგანდას. ჰანს ფონ ცჰამერმა და ოსტენმა სპეციალური ბრძანება გამოსცა რომლის მიხედვით, ყოფილი მუშათა სპორტული მოძრაობების მოთამაშეებს ნაცისტების მიერ დაარსებულ სპორტულ კლუბებში უნდა ეთამაშათ, რადგან ნაცისტებს არ სურდათ დაეკარგათ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები. ამის მიუხედავად, აქტიური მოთამაშეებისა და კლუბების რაოდენობა გერმანიაში მაინც შემცირდა.

გაულიგის დაარსებისთანავე გამოიკვეთა ხელისუფლების აშკარა ფავორიტი კლუბის - გელზენკირხენის “შალკე 04“-ის დომინანტობა და მესამე რაიხის დასასრულამდე ეს დომინანტობა გაგრძელდა. აღნიშნული პირველობა სულ 11 წლის მანძილზე იმართებოდა და აქედან 6-ჯერ ჩემპიონები სწორედ გელზენკირხენელები გახდნენ. ჩემპიონი ორჯერ გახდა საფეხბურთო კლუბი “დრეზდენი“ (არ აგერიოთ დრეზდენის “დინამოში“, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის საბჭოთა კავშირის ვასალიტეტის პირობებში შექმნილი კლუბია) “ჰანოვერი“ და “ნურბერგი“. სრულიად უნიკალურია ვენის “რაპიდის“ შემთხვევა, რომელიც გერმანიის მიერ ავსტრიის მიერთების (ე.წ. “ანშლუსის“) შემდეგაც ძლიერ გუნდად დარჩა და 1941 წელს გაულიგის ჩემპიონიც კი გახდა. ვენის მეორე საფეხბურთო კლუბი “ფირს ვიენი“ კი 1943 წელს ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ გერმანიის თასს დაეუფლა. გამოდის, რომ ვენის “რაპიდი“ არის გუნდი, რომელმაც ჯერ ჰაბსბურგების ეპოქის ომამდელი ავსტრიის ჩემპიონატში იპირველა, ავსტრიის გერმანიასთან მიერთების შემდეგ ნაცისტების გაულიგის ჩემპიონობასაც გაუგო გემო და ნაციზმის დამარცხების შემდეგ დამოუკიდებელი ავსტრიის ჩემპიონი არაერთხელ გახდა და დღესაც ავსტრიული ფეხბურთის ფლანგმანად ითვლება. საინტერესოა, დედამიწაზე კიდევ იარსებებს მეორე საფეხბურთო კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი სამი სხვადასხვა სახელმწიფოს პირობებში გამხდარა?...

აღსანიშნავია, რომ ნაცისტების პოზიცია ფეხბურთისა და ზოგადად სპორტული კლუბების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გერმანიაში არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. აღმოსავლეთ ევროპის, მაგალითად პოლონურ და ჩეხურ კლუბებს, გაულიგენში ასპარეზობის უფლება არ ჰქონდათ. სიტუაცია განსხვავებული იყო გერმანიის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ევროპაში, სადაც ზოგიერთი კლუბი გერმანიის პირველობაზეც კი დაუშვეს. მაგალითად ლუქსემბურგის “დუდალანჟი“, ფრანგული “ლორიენი“ და სხვა...

1934-დან 1938 წლამდე გაულიგის სისტემა მარტივი იყო და იქ დღევანდელი “ბუნდესლიგის“ დარად 16 კლუბი გამოდიოდა. 1939, 1940 და 1941 წლებში კლუბების რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა. 1942 წლიდან კი ავსტრიული კლუბებიც დაიმატეს და ყველა ელოდა გაულიგენის დონის მკვეთრად მატებას. თუმცა, ომმა თავისი დაღი გერმანიის საფეხბურთო პირველობასაც დაატყო. გაულიგის მესვეურები 1943 წლიდან რეგიონულ პრინციპზე გადავიდნენ, როდესაც გუნდები ძირითადად მათი რეგიონის ახლოსმდებარე ქალაქების კლუბებს ხვდებოდნენ და შემდეგ სახლი-კარშის პრინციპით იმართებოდა რამდენიმე ფლეი-ოფი ჩემპიონის გამოსავლენად. ეს გაკეთდა იმის გამო, რომ აღარ იყო დრო და რესურსი ჩემპიონატს უფრო მასშტაბურად ეფუნქციონირა.

იმ პერიოდში გერმანიის ვერმახტმა არმიაში გაიწვია მრავალი კარგი ფეხბურთელი, რამაც კლუბები დაშლის პირამდე მიიყვანა. მოკავშირეთა არმიების შეტევის შემდეგ კი ზოგიერთ (ძირითადად ფრონტის მოსაზღვრე) რეგიონში საერთოდ შეწყდა მატჩების ჩატარება და ბოლოს გაულიგაც მისი შემქმნელი ნაცისტების მსგავსად გაუქმდა, გაქრა და ათწლეულების მანძილზე დავიწყებას მიეცა.

ისე საინტერესოა, გერმანიაში ნეტა თუ დარჩნენ ადამიანები რომლებიც გაულიგას და ამ ტურნირის თამაშებს გაიხსენებენ? ნაცისტური პროპაგანდის მიღმა ხომ იქაც უბრალო გერმანელი ბიჭები აგორებდნენ ბურთს, რომელთა დიდი ნაწილი ომს, ჰიტლერის ავანტურასა და დიქტატორის მანიაკალურ ახირებებს შეეწირა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115061