ფეხბურთი

13:58 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება"

გერმანიის II ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად „მაგდებურგს“ შეხვდება.

სწორედ „მაგდებურგის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ზივზივაძესთან, ტრადიციულ რუბრიკაში - დაუსვი 5 შეკითხვა მეტოქეს.

- ბუდუ, უკვე წელიწადნახევარია, რაც გერმანიაში ხართ. როგორ შეეწყვეთ ქვეყანას და კლუბს?

- თავიდან გამიჭირდა ქვეყანასა და გუნდთან შეგუება, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ახლა მე და ჩემი ოჯახი გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება. გარემო მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალია. ეს ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. ასე კარგად არცერთ უცხო ქვეყანაში არ ვყოფილვართ და ამიტომ მოგვწონს აქ ცხოვრება.

- ადრე საქართველოში, დანიასა და უნგრეთში გითამაშიათ, რით განსხვავდება მეორე ბუნდესლიგა სხვა ლიგებისგან?

- მეორე ბუნდესლიგა სრულიად განსხვავდება იმ ლიგებისგან, სადაც ადრე ვთამაშობდი. მხოლოდ დანიასთან ვპოულობ მსგავსებას. სიჩქარე, ინტენსივობა, ბრძოლა აქ მთავარია და სტადიონებიც ყოველთვის სავსეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ხარისხისთვის. ყველა გუნდს შეუძლია ნებისმიერთან გამარჯვება, რაც ლიგას საინტერესოს ხდის.

- სამი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ითამაშეთ. როგორ გაიხსენებთ ამ ზაფხულს?

- კარგად. ჩემმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და ეს სიამაყის დიდ გრძნობაა. დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვიყავი. იმედი მაქვს, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს დიდ ტურნირებზე თამაშს.

- სეზონის საწყის ორ გასვლით თამაშში 4 ქულა მოიპოვეთ. „მაგდებურგთან“ მატჩზე რას ფიქრობთ?

- მაგდებურგში რთულ თამაშს ველოდებით, რადგან კარგი გუნდია. უნდა გვახსოვდეს, რომ სახლში ჯერ არ მოუგიათ, რაც მათთვის ორმაგი მოტივაცია იქნება, რომ თავიანთი გულშემატკივრების თვალწინ პირველი სამი ქულა მოიპოვონ. თუმცა, ჩვენი მიზანიც ყველა თამაშის მოგებაა და არც ეს იქნება გამონაკლისი. ასე რომ, რთული თამაში იქნება. თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ.

- რისი კეთება მოგწონთ მოედნის მიღმა?

- როცა დასვენების დღე მაქვს, მიყვარს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ხშირად ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს ან ჩემს შვილთან ერთად გასართობ პარკში დავდივარ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში II ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ორჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ის II ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში 6 გოლით ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111012