ფეხბურთი

1:03 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ბაიერნის" გოლების წვიმა, "ლივერპულის" და "რეალის" კარგი დასაწყისი

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური, რომელიც ორი მატჩით გაიხსნა, კიდევ ოთხი შეხვედრით გაგრძელდა.

ყველაზე საინტერესო „მილანი“ – „ლივერპულის“ ჯახი იყო, რომელშიც სტუმრებმა ადვილად, 3:1 მოიგეს.

„მილანმა“ სწრაფად მოახერხა წინ გასვლა: მე-3 წუთზე შესანიშნავი შეტევა კრისტიან პულიშიჩმა დააგვირგვინა და იტალიელებმა იდეალურად დაიწყეს. თუმცა, „როსონერისთვის“ გაგრძელება იგივე ნამდვილად არ იყო. „ლივერპულმა“ მოიპოვა უპირატესობა, საგოლე მომენტები შექმნა და გოლებიც გაიტანა. გოლები, რომლებიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ჯერ იბრაჰიმა კონატემ დაასწრო მცველებს, შემდეგ ვირჯილ ვან დეიკმა და ლივერპულელებმა ტაიმი 3:1 მოიგეს.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. „მილანს“ ძალიან უჭირდა გააზრებულად შეტევაში გადასვლა, „ლივერპული“ კი, ფლობდა უპირატესობას და კლასში სხვაობაც იგრძნობოდა. 67-ე წუთზე ინგლისელებმა მესამეც გაიტანეს, როცა დომინიკ შობოშლაიმ დალაშქრა მეტოქის კარი. დარჩენილ დროში თამაშმა ფორმალური ხასიათი მიიღო და „ლივერპულმა“ ძალიან ადვილად, 3:1 გაიმარჯვა.

მიუნხენის „ბაიერნმა“ სეზონიც მაგრად დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაც. მართალია, „რეკორდმაისტერს“ მარტივი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია, რომ დიდი ანგარიშით მოიგო - 9:2! „დინამო ზაგრებს“ გერმანელებმა პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანეს. მეორე ნახევრის სტარტზე, ორ წუთში ორი გოლი გაქვითეს ხორვატებმა და თითქოს, თამაში დაძაბეს, მაგრამ რამდენიმე წუთით, რადგან „ბაიერნმა“ მალევე სამჯერ დაამწუხრა სტუმრები, მერე კიდევ სამჯერ გაუტანა. პოკერი შეასრულა ჰარი კეინმა, მართალია, 4-დან 3 გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ მაინც...

მადრიდის „რეალმაც“ კარგად დაიწყო, თუმცა შინ „შტუტგარტის“ დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა. პირველ ტაიმში გერმანელები ფლობდნენ უპირატესობას და არაერთხელ მაგარი შანსი მიიღეს გოლისთვის, მაგრამ მომენტები გაანიავეს. მეორე ნახევარი კი, მადრიდელთა გოლით დაიწყო: პირველივე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა და „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაშში შეაგდო. „შვაბებმა“ მალევე დენის უნდავის გოლით გაათანაბრეს და ახლოს იყვნენ ქულასთან. თუმცა, 83-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერმა გაიტანა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი გოლით ენდრიკმაც აღნიშნა და „რეალმა“ 3:1 გაიმარკვა.

მოგებით აიღო სტარტი ლისაბონის „სპორტინგმაც“, რომელმაც შინ 10-კაციან „ლილს“ ადვილად სძლია - 2:0.

„მილანი“ – „ლივერპული“ 1:3 (1:2)

მილანი, „სან სირო“

მილანი (4-2-3-1): მენიო (ტორიანი 51); კალაბრია (ემერსონი 69), პავლოვიჩი, ტომორი (გაბია 84), ტეო ერნანდესი; ფოფანა, ლოფტუს-ჩიკი (აბრაჰამი 69); პულიშიჩი, რეინდერსი, ლეაო; მორატა (ოკაფორი 84)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 79), ვან დაიკი, კონატე, ციმიკასი; გრავენბერხი, მაკალისტერი (ენდო 90); სალაჰი (კიეზა 90), შობოშლაი, გაკპო (ლუის დიასი 68); დიოგო ჟოტა (ნუნიესი 68)

მწვრთნელი: არნე სლოტი

გოლები: 1:0 პულიშიჩი (3), 1:1 კონატე (23), 1:2 ვან დეიკი (41), 1:3 შობოშლაი (67)

გაფრთხილება: კალაბრია (22), ფოფანა (31) - მაკალისტერი (53), კონატე (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 19 (10) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ესპენ ესკასი (ნორვეგია)

„ბაიერნი“ – „დინამო ზაგრები“ 9:2 (3:0)

გოლები: 1:0 კეინი (19, პენ), 2:0 გერეირო (33), 3:0 ოლისე (38), 3:1 პეტკოვიჩი (49), 3:2 ოგივარა (50), 4:2 კეინი (58), 5:2 ოსილე (61), 6:2 კეინი (73, პენ), 7:2 კეინი (78, პენ), 8:2 სანე (85), 9:2 გორეცკა (90)

„რეალი“ – „შტუტგარტი“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 მბაპე (46), 1:1 უნდავი (68), 2:1 რიუდიგერი (83), 3:1 ენდრიკი (90)

„სპორტინგი“ – „ლილი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გიოკერესი (38), 2:0 დებასტი (65)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114916