ფეხბურთი

22:45 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "იუვენტუსის" და "ასტონ ვილას" იდეალური სტარტი

ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024-2025 წლების სეზონი დაიწყო, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა ტურინის „იუვენტუსი“, თანაც ჩინებულად, ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებით და ლამაზი ფეხბურთით.

ტიაგო მოტას გუნდმა პირველ ტურში ნიდერლანდების ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა, რომელმაც ერედივიზიონი ფანტასტიკურად დაიწყო, მაგრამ ტურინში ძალიან უსუსურად გამოჩნდა.

„იუვემ“ ნახევარ საათში გადაწყვიტა მატჩის ბედი: 21-ე წუთზე ქენან ილდიზმა გაიტანა საოცარი გოლი, ალექს დელ პიეროს სტილში და სწორედ მისი შედეგი გააუმჯობესა, რადგან თურქი გახდა „იუვეს“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი 19 წლის ასაკში, დელ პიეროს 20 წლისას ჰქონდა გატანილი, შორეულ 1995 წელს.

6 წუთის მერე ნიკო გონსალესის შესანიშნავი მოქმედება ვესტონ მაკკენიმ დაუფასა და სხვაობა ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, ამ გოლებს შორისაც „იუვენტუსს“ ორი მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ მაკკენის მეკარემ აჯობა, მერე ტეუნ კოპმაინერსმა ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშს ტურინელებმა ინტრიგა საბოლოოდ მოუკლეს: დუშან ვლაჰოვიჩის პასით ნიკო გონსალესმა სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა და ყველაფერი დაასრულა. ტურინელებს მეოთხეს გატანის შანსიც არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ ვეღარ ივარგეს.

ბოლო წამზე კი, პსვ-მ მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა და მერე მსაჯმა თამაშიც დაასრულა. ასე რომ, „იუვენტუსი“ 2022 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას კარგად დაუბრუნდა.

მეორე ტურში: „იუვე“ გერმანიაში „ლაიფციგს“ ესტუმრება, ხოლო პსვ ეინდჰოვენი „სპორტინგს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ - პსვ ეინდჰოვენი 3:1 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): დი გრეგორიო; კალულუ, გატი (დანილო 57), ბრემერი, კამბიაზო; ლოკატელი (ტურამი 57), მაკკენი (დუგლას ლუისი 75); გონსალესი (ვეა 69), კოპმაინერსი, ილდიზი (ფაჯოლი 69); ვლაჰოვიჩი

მწვრთნელი: ტიაგო მოტა

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): დრომელი; ლედესმა (ნაგალო 86), ფლამინგო, ბოსკალი, დამსი (მაურო ჟუნიორი 76); ტილი (ლანგი 62), შუტენი, ვეერმანი (საიბარი 62); ბაკაიოკო, ლ. დე იონგი (პეპი 76), ტილმანი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 1:0 ილდიზი (21), 2:0 მაკკენი (27), 3:0 გონსალესი (52), 3:1 საიბარი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 13 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი)

ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე ნათამაშები ჰქონდა „ასტონ ვილას“, ასე რომ, მასზე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ძალიან კარგად დაბრუნდა.

ინგლისელებმა ბერნის „იანგ ბოიზი“ სტუმრად 3:0 დაამარცხეს ძალიან ადვილად. ტილემანსის და რემსის გოლებით ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძელთა რბევა ანდრე ონანამ დაასრულა.

მეორე ტურში: „იანგ ბოიზი“ „ბარსელონას“ სტუმრობს, ხოლო „ასტონ ვილა“ „ბაიერნს“ დაუხვდება.

„იანგ ბოიზი“ – „ასტონ ვილა“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ტილემანსი (27), 0:2 რემსი (38), 0:3 ონანა (86)

0.115891