ფეხბურთი

17:35 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "რაბიოს გვერდში არაპროფესიონალები ჰყავს, დედამისმა "ატლეტიკოს" უთხრა, რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა"

ადრიენ რაბიომ ზაფხულში ტურინის „იუვენტუსს“ უარი უთხრა კონტრაქტის განახლებაზე, რადგან 7 მილიონ ევროზე მეტ ხელფასს ითხოვდა და ამ თანხაზე ტურინში დარჩენა არ ისურვა.

ფრანგი და დედამისი, ამავდროულად, მისი აგენტი ვერონიკ რაბიო იმედოვნებდნენ, რომ უფრო მაღალ ხელფასზე იპოვიდნენ ამბიციურ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებდა.

თუმცა, თავისუფალი აგენტის, რაბიოს დამატება მსგავსი ხელფასით არავინ ისურვა. სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა, სეზონიც დაიწყო, ხოლო რაბიომ გუნდი ახლახან იპოვა, „მარსელი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ არ თამაშობს, არათუ მისი მოგების ამბიცია ჰქონდეს. ხელფასიც მხოლოდ 2.5 მილიონი ევროა წელიწადში. მოკლედ, რაბიო იძულებული გახდა დათანხმებულიყო ამ პირობებს, რადგან სხვა შემთხვევაში უგუნდოდ დარჩებოდა.

აგენტმა, ბრუნო სატინმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არაპროფესიონალია რაბიოს დედა ფეხბურთში და გაიხსენა მაგალითი, როცა მადრიდის „ატლეტიკო“ ფრანგი ნახევარმცველის დედასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„რაბიოს რაც დაემართა, იმ ხალხის არაკომპეტენტურობის შედეგია, რომელიც მის გარემოცვაშია. დედამისია მისი მრჩეველი და ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალის დახმარება, რადგან მას პროფესიონალი რომ ეხმარებოდეს, ევროპის 10 საუკეთესო გუნდში იქნებოდა.

ივლისის ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოს“ სპორტული დირექტორი მესაუბრა და მან მითხრა, რომ ორჯერ ესაუბრა დედამისს და მაშინვე გაწყვიტა მასთან კონტაქტი, რადგან დედამისი ეუბნებოდა „ატლეტიკოს“ დირექტორს, თუ სად უნდა ეთამაშა მის შვილს მადრიდში გადასვლის შემთხვევაში. ეს ყველაფერი აუტანელია“, - თქვა სატინმა.

0.112956