ფეხბურთი

17:18 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: "ლევანტეს" მოედნის ცენტრში ქოჩორაშვილის სახით ბრილიანტი ჰყავს"

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ხუთ შეხვედრაში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

გიორგის კარგ სანაკრებო მატჩებს ესპანური გამოცემა AS-ი გამოეხმაურა, რომელმაც მის შესახებ სტატია გამოაქვეყნა:

„ლევანტეს“ მოედნის ცენტრში ბრილიანტი ჰყავს. ქოჩორაშვილი თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ხულიან კალეროსთვის ფუნდამენტური ფიგურაა. ქართველი პირველ გუნდში მეორე სეზონს ატარებს და ამ ზაფხულს არაერთი შეთავაზებაც მიიღო. შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქოჩორაშვილი ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაზე სათამაშოდ დაუბრუნდა, სადაც ის ორჯერვე ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივე მატჩში გოლი გაიტანა. საქართველომ ჯერ ჩეხეთს მოუგო 4:1 და მან მეოთხე გოლი მიითვალა, ხოლო შემდეგ საქართველომ ალბანეთი ქოჩორას გოლის წყალობით დაამარცხა.

ქოჩო „ლევანტეს“ მეორე გუნდში 2019 წელს ჩავიდა, 2022-2023 წლების სეზონში ის იჯარით თამაშობდა „კასტელონში“ და გახდა ფუნდამენტური მოთამაშე გუნდში, რომელიც ლა ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძოდა. „ლევანტეში“ გასულ სეზონში დაბრუნდა, როგორც ხავიერ კალეხას მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაგრამ საშობაო შესვენების წინ მიღებული ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა.

ის დაბრუნდა და განაგრძო თამაში, რითაც ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადში მოხვდა. იქ მან საკუთარი თავი წარმოაჩინა და დარჩა „ლევანტეში“, სადაც კალეროს მთავარი ფიგურაა. 25 წლის ასაკში ის აჩვენებს თავის გამოცდილებას და ლიდერის თვისებებს მოედანზე. მიმდინარე სეზონში უკვე გაიტანა გოლი, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კარიდან შორს თამაშობს. გარდა ამისა, თავის ქვეყანაში ხატად იქცა, სადაც მისი წყალობით „ლევანტეც“ უფრო პოპულარულია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში „ლევანტეში“ ჩატარებულ სამ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

0.117873