ფეხბურთი

0:01 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩი ჩაატარა და სტუმრად ნიდერლანდებთან მარცხი განიცადა.

თამაში ნიდერლანდებმა ძალიან კარგად დაიწყო და მე-18 წუთზე უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. დუბლი შეასრულა ემანუელ ემეგამ, რომელმაც დაცვაში არსებული სივრცეები ძალიან კარგად გამოიყენა.

31-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ძალიან ეფექტური გოლით შეამცირა სხვაობა და საქართველოს ნაკრებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, თუმცა, ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.

პირიქით, 71-ე წუთზე ნოა ოჰიომ მესამედ დალაშქრა სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 8 წუთის შემდეგ ოჰიოს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, მას ლუკა ხარატიშვილმა აჯობა.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებს ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მასპინძლები გადარჩნენ.

ნიდერლანდებმა ამ მოგებით გაინაღდა პირველი ადგილი ჯგუფში და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ხოლო ბრძოლა მეორე ადგილისთვის გრძელდება.

საქართველოს 16 და შვედეთს 13 ქულა აქვს (მეტოქე ამ ტურის მატჩს 10 სექტემბერს ჩაატარებს)საქართველოს დარჩენილი აქვს საგარეო მატჩი შვედეთში, ხოლო შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

ნიდერლანდები - საქართველო 3:1 (2:1)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, უგრეხელიძე (ოდიშვილი 74), მამაცაშვილი, ზურაბიანი (გოგოტიშვილი 58), ლომინაძე, ოდიშარია (გორდეზიანი 81), გაგნიძე (ოსიყმაშვილი 81), გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 58), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე

გოლები: 1:0 ემეგა (4), 2:0 ემეგა (18), 2:1 ო. მამაგეიშვილი (31), 3:1 ოჰიო (71)

0.116267