ფეხბურთი

18:15 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მწვრთნელობაზე ყოველთვის არ ვფიქრობდი, მაგრამ საკისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა"
"გამარჯვება ბედნიერება არ არის, შვებაა, მარცხი კი განვითარებაში გეხმარება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ თავის დროზე მწვრთნელობაზე არ ფიქრობდა, მაგრამ მას აზრი არიგო საკიმ შეაცვლევინა, როცა „მილანში“ თამაშობდა.

გარდა ამისა, ლეგენდარულმა იტალიელმა სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა:

„მწვრთნელობა არ იყო ის, რაზეც ყოველთვის ვფიქრობდი. ერთ დღეს, საკიმ მითხრა, რომ უნდოდა მისი ასისტენტი ვყოფილიყავი, როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი. ის იყო გენიოსი, მწვრთნელი, რომელმაც მწვრთნელობის მეთოდი შეცვალა, დიდი მასწავლებელი, რომელმაც ერიქსონის მსგავსად ბევრი რამ მასწავლა, ცოდნა მნიშვნელოვანია.

ყოველდღე ვაწყდები სირთულეებს, მწვრთნელობა დიდ ძალას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთის თამაში სიამოვნებთ და მათთან ურთიერთობა, რომელიც პროფესიულ სფეროს სცილდება, ეხმარება მათ უკეთ თამაშში. კარგი ურთიერთობა გეხმარება უკეთ მუშაობაში, თუნდაც იმიტომ, რომ თამაში ყველას უნდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. გულახდილი უნდა იყო ადამიანებთან.

როგორ ვახერხებ ერთად ითამაშონ მბაპემ, როდრიგომ და ვინისიუსმა? მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია და ამიტომ ჰყავს უდიდესი ფეხბურთელები. მოთხოვნები დიდია და უნდა შეგეძლოს ფეხბურთელების ხარისხი კლუბის სამსახურში მოაქციო. თუ „რეალში“ ხარ, უნდა იბრძოლო ყველა ტურნირზე ბოლომდე, დანებების გარეშე. ვისაც ეს შეუძლია, „რეალში“ თამაშობს.

მარცხი წარმოადგენს მწუხარების მომენტს, მაგრამ ასევე გეხმარება განვითარებასა და ზრდაში. გამარჯვება არ არის ჭეშმარიტი ბედნიერება, ეს უფრო შვებაა, რადგან სამი დღის შემდეგ ისევ ყურადღების ქვეშ იქნები. კრიტიკაც ყოველთვის არსებობს და ის მხოლოდ მაშინ გაწუხებს, თუ თვითკრიტიკა არ შეგიძლია. ზეწოლის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და იმ დღეს, როცა მატჩის წინ არ ვინერვიულებ, კარიერის დასრულება მომიწევს. თუმცა, მწვრთნელის რანგში ჩემს თავს ჯერ კიდევ დიდხანს ვხედავ, სანამ ცეცხლი არ ჩაქრება.

ძნელი სათქმელია წარმატება რა არის. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს ტიტულის მოგება ან არწაგება, ჩემთვის ესაა ყველაფრის გაღება. წარმატებული ხარ თუ შეგიძლია ფიზიკურად და მენტალურად ყველაფერი გაიღო“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი თავიდან იტალიის ნაკრებში არიგო საკის ასისტენტი იყო, შემდეგ იმუშავა "რეჯანაში", "პარმაში", "იუვენტუსში", "მილანში", "ჩელსიში", "პარი სენ-ჟერმენში", "რეალში", "ბაიერნში", "ნაპოლიში" და "ევერტონში", ხოლო 2021 წელს მადრიდულ გრანდში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113924