უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს მატჩები A და C დივიზიონის ორ-ორ ჯგუფში გაიმართა.
პირველ ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის წინ საზეიმოდ გააცილეს პეპე, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
ამ მატჩის მთავარი მოვლენა კი, ის გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, მაგრამ ეს იყო 39 წლის ლეგენდის კარიერაში მე-900 გოლი, რაც საოცარი მაჩვენებელია! რონალდუს გოლამდე და გოლის მერე იყო დიოგო დალოს გოლები, ოღონდ, პორტუგალიელმა მცველმა ჯერ მეტოქის კარში გაიტანა, შემდეგ საკუთარში.
ამავე ჯგუფში გლაზგოში, შოტლანდიამ პოლონეთს უმასპინძლა და მაგარი თამაში გამოვიდა. პოლონელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, რასაც სქოთებმა მეორე ნახევარში ორჯერ უპასუხეს. გოლები „ნაპოლის“ ახალწვეულებმა, ბილი გილმორმა და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს! თუმცა, პოლონეთმა მაინც მოიგო, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე ნიკოლა ჟალევსკიმ პენალტი გაიტანა და სტუმრებმა სამი ქულა მოიპოვეს - 3:2.
მეორე ტურში 8 სექტემბერს, ხორვატია პოლონეთს ეთამაშება, პორტუგალია კი შოტლანდიას.
A დივიზიონი
პორტუგალია - ხორვატია 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 დალო (7), 2:0 რონალდუ (34), 2:1 დალო (41, ა.გ)
შოტლანდია - პოლონეთი 2:3 (0:2)
გოლები: 0:1 შიმანსკი (8), 0:2 ლევანდოვსკი (44), 1:2 გილმორი (46), 2:2 მაკტომინეი (76), 2:3 ჟალევსკი (90, პენ)
მეოთხე ჯგუფში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ბელგრადში სერბეთს ვერაფერი დააკლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. დანიამ კი, საკუთარ მოედანზე შვეიცარია 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულეს. მეორე ტურში 8 სექტემბერს დანია სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო შვეიცარია - ესპანეთს.
დანია - შვეიცარია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დორგუ (82), 2:0 ჰოიბერგი (90)
სერბეთი - ესპანეთი
C დივიზიონი
პირველ ჯგუფში შვედეთმა ბაქოში აზერბაიჯანი დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. მასპინძლებს პირველი ტაიმის ბოლოს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანეს, აი, მეორე ნახევარში კი, შვედებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. სამი ქულით დაიწყო სლოვაკეთმაც, რომელმაც ტალინში ესტონეთი 1:0 დაამარცხა. მეორე ტურში 8 სექტემბერს, შვედეთი ესტონეთს შეხვდება, ხოლო სლოვაკეთი აზერბაიჯანს.
აზერბაიჯანი - შვედეთი 1:3 (0:0)
გოლები: 0:1 ისაკი (65), 0:2 ისაკი (71), 0:3 გიოკერესი (80, პენ), 1:3 დადაშოვი (82)
ესტონეთი - სლოვაკეთი 0:1 (0:0)
გოლები: 0:1 სუსლოვი (70)
მესამე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ ლუქსემბურგს მატჩის დასაწყისშივე გაუტანა ორი უპასუხო გოლი და მშვიდად მოიგო, ხოლო ბელარუსი და ბულგარეთი უგოლოდ დაზავდნენ.
მეორე ტურში 8 სექტემბერს ბულგარეთი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო ლუქსემბურგი - ბელარუსს.
ჩრდ. ირლანდია - ლუქსემბურგი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 მაკნეირი (11), 2:0 ბალარდი (17)
ბელარუსი - ბულგარეთი 0:0 (0:0)