საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში მცირე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ გააკეთა კომენტარი:
„თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე. თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, - დაწერა ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.