ფეხბურთი

18:50 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იჯარა, რომელიც შეიძლება იანვარში გაწყდეს: "გალათასარაიში" ოსიმენის ტრანსფერის დეტალები

სტამბოლის „გალათასარაისთან“ ვიქტორ ოსიმენმა კონტრაქტს ხელი მოაწერა, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორი პირობებით გადავიდა ოსიმენი თურქულ კლუბში? ოსიმენი სტამბოლელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ შეიძლება თანამშრომლობა იანვარში შეწყდეს.

ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე განაახლა, სანამ თურქეთში წავიდოდა, ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიელებს არ სურდათ მისი გაშვება ისე, რომ მომდევნო ზაფხულს დაბალ ფასად დაკარგვის საფრთხის ქვეშ დამდგარიყვნენ. კონტრაქტის განახლებით ოსიმენიც მოგებული დარჩა, რადგან ასე მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროდან 75 მილიონამდე შემცირდა.

შესაბამისად, იანვარში თუ გამოჩნდება კლუბი, რომელიც აღნიშნულ 75 მილიონს გადაიხდის, „გალათასარაისთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყდება და ის კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიგერიელი თურქეთში ივნისამდე დარჩება და ზაფხულში ეცდება კლუბის მოძებნას.

„გალათასარაი“ ოსიმენს ამ ერთწლიან იჯარის პერიოდში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს გადაუხდის. 25 წლის ფორვარდი სტამბოლელთა რიგებში 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121347