ფეხბურთი

16:28 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების კაპიტანი საქართველოსთან ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

ალბანეთის ნაკრებს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩების წინ წამყვანი მცველი, ბერათ ჯიმსიტი გამოაკლდა.

როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ჯიმსიტი 21-წლამდელთა ნაკრებთან სატესტო ორმხრივი თამაშის დროს დაშავდა და კუნთი აქვს დაჭიმული. ჯიმსიტი იტალიაში დაბრუნდა და მკურნალობას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს, რომლის რიგებშიც თამაშობს. მან რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს, შესაბამისად, მომავალ სანაკრებო შეხვედრებში მისი ყოფნა გამორიცხულია.

მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ჯიმსიტი 21-წლამდე ნაკრების მცველით, ადრიან ბაირამით შეცვალა, რომელიც „ბენფიკას“ მეორე გუნდის წევრია. აქვე გეტყვით, რომ ალბანეთის ნაკრებს ტრავმის გამო მანამდე „ევერტონის“ ფორვარდი არმანდო ბროია გამოაკლდა, რომლის ნაცვლად მირტო უზუნი გამოიძახეს, რომელიც „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილის თანაგუნდელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ისტორიაში ერთადერთხელ შეხვდა, 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში და დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ წააგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა.

0.118257