ფეხბურთი

20:59 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაურო მელუზო: "ნაპოლიში" კვარას დარჩენა რიგითი ამბავი არ არის, როცა გუნდი ევროთასებზეც არ გამოდის"

„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ საუკეთესო „ტრანსფერი“ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იყო.

როგორც მან თქვა, კვარას დარჩენა ევროტურნირებზე არმოთამაშე გუნდში ბევრს ნიშნავს.

„ჯერ მხოლოდ სამი ტური ჩატარდა და დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, მაგრამ ჩვენი კვარა მაინც გადამწყვეტი იქნება, ის შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენი იმიტომ ვთქვი, რომ ჯერ კიდევ „ნაპოლის“ ვუკავშირებ ჩემს თავს. „პარმადან“ ბონიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს, შარშან მას ვაკვირდებოდი და დარწმუნებული ვარ. ასევე, ჩვეული სახელები: მორატა, ლუკაკუ, ვლაჰოვიჩი, ტურამი. „რომას“ თავდამსხმელი დოვბიკი არ მომწონს, ვფიქრობ, ის ჩვენი ჩემპიონატისთვის შესაფერისი არ არის, დრო სჭირდება ადაპტაციისთვის, იტალიაში დაცვა ძლიერია, მისთვის ადვილი არ იქნება.

„ნაპოლის“ საუკეთესო ტრანსფერი? კვარას დარჩენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ დონის ფეხბურთელი, ცუდი სეზონის შემდეგ დარჩა გუნდში, რომელიც ევროტურნირებზე არ თამაშობს, შესაბამისად, ეს რიგითი ამბავი არ არის. ახალწვეულებმაც იცოდნენ, რომ „ნაპოლი“ ევროტურნირებზე არ გამოდიოდა, ბონჯორნო მაღალი დონის მოთამაშეა, რომელსაც შეეძლო ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდში გადასვლის ამბიცია ჰქონოდა, მაგრამ მან „ნაპოლი“ აირჩია“, - თქვა მელუზომ.

შეგახსენებთ, რომ მაურო მელუზო „ნაპოლიში“ გასულ სეზონში მუშაობდა, როცა კრისტიანო ჯუნტოლი შეცვალა, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისმა სამსახურიდან სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვა და მის ნაცვლად ჯოვანი მანა დანიშნა.

0.117866