ფეხბურთი

20:27 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" ოსიმენის ხელფასს გადაიხდის, დე ლაურენტისს ერთი მოთხოვნა აქვს
"გალათასარაიში" ოსიმენის შესაძლო ტრანსფერის დეტალები ცნობილია

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით, კარიერას სტამბოლის „გალათასარაიში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მხარეები თითქმის შეთანხმდნენ და მხოლოდ ნიგერიელი ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო. თურქული კლუბი ოსიმენის ხელფასს ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის 9-10 მილიონი ევროს ოდენობით, მაგრამ გაისად მისი გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

თავის მხრივ, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, არც ოსიმენია წინააღმდეგი სეზონის ბოლომდე იჯარით თურქეთში ითამაშოს, რადგან მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს: ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, თურქეთია გამონაკლისი, სადაც 13 სექტემბერს დაიხურება, ხოლო „ნაპოლიში“ ვიქტორი გუნდს ჩამოაშორეს და სერია A-ს განაცხადშიც არ არის.

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც თანახმაა ამ გარიგებაზე, მაგრამ იჯარით გაშვებამდე, სურს, რომ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ერთი წლით განაახლოს, რათა გაისად ის დაბალ ფასში არ დაკარგოს. საქმე ისაა, რომ ოსიმენს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს და 2025 წლის ზაფხულში უკვე შეუძლია სხვა გუნდში იმაზე ნაკლებად გადავიდეს, ვიდრე დე ლაურენტისი ითხოვს. „ნაპოლის“ პრეზიდენტსაც ამ რისკზე წასვლა არ სურს.

„აძურის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა, რომ მუშაობა მიმდინარეობს და შეთანხმებასთან ახლოს არიან. „გალათასარაი“ 25 წლის ნიგერიელის გამო შესაძლოა 3-5-2 სქემაზე გადაეწყოს, რათა მან და მაურო იკარდიმ წყვილში ითამაშონ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ტრავმირებულია და უახლოეს პერიოდს გამოტოვებს.

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ 2020 წლიდან 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი, მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და სეზონში ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.11745