ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მატჩების წინ, რომელსაც უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი არმანდო ბროია გამოაკლდა.
„ჩელსის“ საკუთრებაში მყო ფორვარდს, რომელიც ორიოდ დღის წინ იჯარით „ევერტონში“ გადავიდა, ტრავმა აქვს. მის ნაცვლად გუნდში „გრანადას“ თავდამსხმელი მირტო უზუნი გამოიძახეს, რომელიც მანამდე არ იყო ნაკრებში მიწვეული. უზუნი „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილის თანაგუნდელია.
„არმანდო ბროია განაცხადში აღარ არის, ბოლომდე მოვიცადეთ, კონტრაქტი გვქონდა „ევერტონთანაც“, მაგრამ მას აქილევსის მყესის ტრავმა აწუხებს, 10-15 დღე ვერ ითამაშებს და ვერ დაგვეხმარება. ეს სამწუხაროა, მაგრამ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მის ნაცვლად მირტო უზუნი გამოვიძახეთ, რომელიც ხვალ შემოგვიერთდება“, - თქვა ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
არმანდო ბროიას ალბანეთის ნაკრებში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მირტო უზუნის 35 შეხვედრაში - 5 გოლი. ალბანეთმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დღეს დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ისტორიაში ერთადერთხელ შეხვდა, 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში და დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ წააგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა.