ვიგოს „სელტას“ ფეხბურთელმა იაგო ასპასმა „ვალენსიასთან“ მატჩში გიორგი მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანა. მათ შორის, პენალტამდე კომუნიკაციაც იყო და როგორც 37 წლის ესპანელმა თქვა, გიორგიმ უთხრა, რომ დარტყმის კუთხე შეეცვალა.
საქმე ისაა, რომ გასული სეზონის ბოლო ტურში იაგო ასპასმა მამარდაშვილს პენალტი გაუტანა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა დარტყმის მიმართულება მაშინაც გამოიცნო. ამჯერად მათ დუელში გამარჯვებული გიორგი გამოვიდა.
„გასულ სეზონში მან კუთხე გამომიცნო, მაგრამ მაინც გავიტანე. მითხრა, რომ იმავე კუთხეში არ დამერტყა, მე კი მინდოდა კუთხის შეცვლა. ამიტომაც არის, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და მისით დიდი გუნდები ინტერესდებიან. წინაზე მას ვაჯობე, ახლა მან მაჯობა, ეს ფეხბურთია, ვულოცავ“, - თქვა ასპასმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ლა ლიგა ძალიან ცუდად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა.