„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ვიგოს „სელტასთან“ მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ქართველი მეკარე ძალიან ახლოსაა „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან, თუმცა ამ სეზონს იჯარით მაინც „ვალენსიაში“ გაატარებს. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, ბარახამ კი, მამარდაშვილზე მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„გიორგისთან დაკავშირებით მდგომარეობა არ შეცვლილა. მას კონტრაქტი აქვს, როდესაც რაღაც მოხდება, შემდეგ ვისაუბრებთ. თუმცა, ნორმალურია, რომ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ამ საკითხზე საუბრობენ. ის ორიენტირებულია იმაზე, რაც უნდა გააკეთოს და ეს ხვალინდელი თამაშია.
გიორგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა გასულ სეზონში ის ჩვენი მიზნის მიღწევაში ერთ-ერთ დასაყრდენი იყო. კარგი იქნება, თუ ჩვენთან დარჩება. ასე გვეყოლება სამი სანდო მეკარე, რაც კონკურენციას და უსაფრთხოებას მოგვცემს. დიმიტრიევსკი აქ სამუშაოდ მოვიდა, ხაუმეს კარიერაზე კი ყველაფერი იცით.
ოჩოტორენამ ფუნდამენტური გავლენა მოახდინა მამარდაშვილის განვითარებაზე, მაგრამ ასევე სხვების გაუმჯობესებაში. ის არაჩვეულებრივი ადამიანი, დიდი პროფესიონალი და კლუბის ერთგულია. აქ ერთადერთია, ვინც ყველა ტიტული მოიგო. ჩვენთვის ფუფუნებაა, რომ მისი იმედი გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, დიმიტრიევსკისაც ძალიან დაეხმარება“, - თქვა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, საიდანაც 10% „დინამო თბილისს“ ერგება. ის 2025 წლის ზაფხულამდე „ვალენსიაში“ იჯარით დარჩება და მომდევნო ტრანსფერიდან 10%-ს „ვალენსია“ მიიღებს.