შვეიცარიული „ბაზელის“ ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია და დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს.
ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშზე ორმხრივი თამაშის დროს თანაგუნდელს შეეჯახა, რის შემდგომაც ტვინის შერყევა მიიღო და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გამოწერეს. თუმცა, მან კოჭზე მყესებიც გაიწყვიტა.
როგორც „ბაზელის“ საიტი წერს, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ გაბრიელს კოჭის ორი გვერდითი მყესი აქვს გაწყვეტილი და სინდესმოზიც დაუზიანდა. ამის გამო, ის სავარაუდოდ ორი თვე იქნება ლაზარეთში. კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიგუას ოპერაცია არ სჭირდება და ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.
გაბრიელ სიგუა „ბაზელის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს და 18 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას არ უთამაშია. 19 წლის სიგუა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.