ფეხბურთი

12:20 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს პირადად დაიწყებს

„ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პრიორიტეტს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ ნიკო უილიამსის შეძენას ანიჭებს და სპორტული დირექტორის დეკოს წარუმატებლობის შემდეგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს პირადად წარმართავს - წერს Sport.es.

ლაპორტა უილიამსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დაიწყებს, სადაც კატალონიურ გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება.

Topskills Sports UK კი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) აღნიშნავს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა უკვე მიმართა კომპანიას, რომელიც მათ 80 მილიონ ევროს გადასცემს უილიამსის გასაფორმებლად.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ატლეტიკსა“ და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ბასკური კლუბი დარწმუნებულია, რომ უილიამსი კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩენას გადაწყვეტს და მზადაა მას გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტი შესთავაზოს. თავად ფეხბურთელმა „ატლეტიკთან“ ერთად ვარჯიში ერთი კვირით ადრე დაიწყო და ბილბაოდან კლუბის გულშემატკივრებითვის ვიდეო მესიჯი ჩაწერა, სადაც თქვა, რომ მოუთმენლად ელოდა სეზონის დაწყებას.

გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა ტურნირში მონაწილეობა მიიღო 48 მატჩში, რომლებშიც 10 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148958