ჩოგბურთი

14:16 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალმა ოლიმპიურ თამაშებზე კარიერის ბოლო მატჩზე ისაუბრა

დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ოლიმპიურ თამაშებზე კარიერის ბოლო მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს ის თანამემამულე კარლოს ალკარასთან ერთად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა ნახევარფინალში ვერ გავიდა. შეჯიბრის მეოთხედფინალში ესპანელები აშშ-ის დუეტ რაჯივ რამთან და ოსტინ კრაიჩეკთან დამარცხდნენ ანგარიშით 2:6, 4:6.

„ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ოლიმპიადებზე? შეიძლება, არ ვიცი. თუ ასეა, მაშინ ეს დაუვიწყარი ემოციებია. მაყურებელმა დიდი სიყვარული მაჩვენა. გულშემატკივრები ჩემს მატჩებში ყოველ წამს მხარს მიჭერდნენ.

ჩემთვის ოლიმპიური ეტაპი დასრულდა. თამაშებზე ყველაფერი დავდე, რომ მენახა, რამდენი დრო დამრჩა კარიერაში. ახლა შინ წავალ მშვიდად გავაანალიზებ სიტუაციას, რომ დავინახო, რამდენი სურვილი და ძალა დამრჩა“, - ციტირებს ნადალის სიტყვებს Daily Express-ს.

ნადალმა მონაწილეობა მიიღო ერთეულებშიც. პირველ წრეში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა (6:1, 4:6, 6:4), ხოლო მეორეში კარიერაში ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს - სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა. ჯოკოვიჩმა მატჩი 6:1, 6:4 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა ერთეულებში. მან ასევე 2016 წელს რიოში მარკ ლოპესთან ერთად წყვილებში პირველი ადგილი დაიკავა.

0.117528