პარიზის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 16 გუნდიდან 8 მომდევნო ეტაპზეა, ხოლო 8 ასპარეზობას გამოეთიშა.
A ჯგუფიდან საფრანგეთის და აშშ-ს ნაკრებები გავიდნენ, ხოლო ახალი ზელანდია და გვინეა ჯგუფში ჩარჩნენ. B ჯგუფი მაროკომ და არგენტინამ დაძლიეს, უკრაინამ და ერაყმა გამოსვლა დაასრულეს. C ჯგუფიდან ეგვიპტემ და ესპანეთმა მოახერხეს გასვლა, ხოლო დომინიკის რესპუბლიკა და უზბეკეთი მომდევნო ეტაპს მიღმა დარჩნენ. D ჯგუფიდან იაპონია და პარაგვაი დაწინაურდნენ, ისრაელმა და მალიმ კი თითო ქულით უსახელოდ დატოვეს ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ არგენტინა ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, შედეგად, მეოთხედფინალში მაგარი წყვილი მივიღეთ: საფრანგეთი - არგენტინა.
მეოთხედფინალური მატჩები 2 აგვისტოს გაიმართება და ყველა წყვილი შემდეგნაირია:
საფრანგეთი - არგენტინა
ეგვიპტე - პარაგვაი
მაროკო - აშშ
იაპონია - ესპანეთი