„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მასთან ტელეფონის საშუალებით დიალოგი ჰქონდათ. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა ამ დიალოგის შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა.
დე როსის ჰკითხეს, უშუალოდ „რომამ“ არ გაიღო საკმარისი ძალისხმევა ტრანსფერის წარმატებით დასახურად თუ უბრალოდ, მიქაუტაძე ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ ის „რომას“ აუცილებლად ფორვარდის პოზიციაზე სჭირდებოდა და არა შეტევაში სხვადასხვა პოზიციებზე სათამაშოდ.
„არ უნდა ვისაუბრო სხვა გუნდის ფეხბურთელებზე, შესაბამისად, არ ვიცი, არის თუ არა სწორი ამ სატელეფონო ზარის დეტალებში შესვლა. სატელეფონო ზარი იყო, ვისაუბრეთ, ფეხბურთელის მხრიდან იყო პოზიტიური დამოკიდებულება, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ დეტალებზე", - თქვა დე როსიმ.
შეგახსენებთ, „რომა“ გიორგი მიქაუტაძის დამატებით იყო დაინტერესებული, ისევე, როგორც „მონაკო“, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა „ლიონი“ აირჩია, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.