„ბორდომ“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა, პროფესიონალური კლუბის სტატუსი დაკარგა.
კლუბი მესამე დივიზიონში დააქვეითეს რამდენიმე დღის წინ და ამჯერად, ფრანგული მედიის ცნობით, პროფესიონალის სტატუსიც აღარ აქვს, კლუბმა ამაზე უარი თვითონ თქვა, რათა ფინანსური ხარჯები შეამციროს. უფრო მეტიც, დიდი შანსია, კლუბი მეოთხე ან მეხუთე ლიგაში დაქვეითდეს.
„ბორდოს“ ჯერ კიდევ არ წარუდგენია მესამე ლიგაში თამაშისთვის საჭირო ფინანსური გარანტიები, რადგან ძალიან ბევრი ვალი აქვს და როგორც ცნობილია, ახალი ინვესტორიც ვერ მოძებნეს. კლუბი ახლა ეცდება ხარჯები შეამციროს და ამის წყალობით მესამე ლიგაში მაინც შეინარჩუნოს ადგილი.
მას შემდეგ, რაც კლუბს პროფესიონალური სტატუსი ჩამოერთვა, ფეხბურთელებთან ავტომატურად წყდება კონტრაქტები და ისინი თავისუფალი აგენტები გახდნენ. რეგულაციების მიხედვით, კლუბის სპორტული ბაზაც დაიხურება.
„ბორდო“ პროფესიონალური კლუბი 1937 წლიდან იყო და ექვსჯერ აქვს საფრანგეთის ჩემპიონატი მოგებული. ზურიკო დავითაშვილი ჟირონდელებში 2022-2024 წლებში თამაშობდა და 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ის ცოტა ხნის წინ 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „სენტ ეტიენს“ შეუერთდა.