ფეხბურთი

22:32 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" "ომონიასთან" დამარცხდა (+VIDEO)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად ნიქოზიის „ომონიასთან“ 1:3 წააგო.

ამრიგად, სტივ კინის გუნდი საპასუხო შეხვედრაში რთულ მდგომარეობაში იქნება, მაგრამ არა გამოუვალში - ბრძოლა ნამდვილად შეიძლება.

ზოგადად, კვიპროსში გამართულმა მატჩმა გამოაჩინა, რომ „ომონია“ შეტევაში ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით სტანდარტულებზეა სახიფათო, მაგრამ დაცვაში აქვს პრობლემები.

პირველი საგოლე მომენტი „ტორპედომ“ შექმნა, როცა მატჩის დასაწყისში ბიორნ იონსენმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ უკვე „ომონია“ დაეუფლა უპირატესობას, არაერთი ხიფათიც შექმნა, უმეტესწილად კუთხურებიდან. ტაიმის მიწურულს, სწორედ ზედიზედ ჩაწოდებული მესამე კუთხური გოლით დასრულდა. ცენტრალურმა მცველმა სენუ კულიბალიმ თავით გაიტანა.

მეორე ნახევარი სტივ კინმა ორმაგი ცვლილებით დაიწყო: „ტორპედოში“ ვარლეის და მომო იანსანეს დებიუტი შედგა. ორივე ლეგიონერის ჩართვამ ქუთაისელთა თამაში გამოასწორა. იმერლებმა უფრო თამამად დაიწყეს თამაში.

75-ე წუთზე კი, იონსენის შესანიშნავი პასის მერე იანსანემ მცველს აჯობა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. სამწუხარო ისაა, რომ „ტორპედომ“ ეს ანგარიში ვერ შეინარჩუნა, უფრო მეტიც, სწრაფად გაუშვა ორი გოლი.

„ომონიას“ ფეხბურთელმა ევანდრომ, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო შესანიშნავად ჩააწოდა ჯარიმა 78-ე წუთზე და დაცვა ჩავარდა - გოლი ისევ კულიბალიმ გაიტანა. მალელმა მცველმა დუბლი შეასრულა... 84-ე წუთზე ევანდრომ ეფექტური გოლით ორამდე გაზარდა სხვაობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტორპედოს“ შეეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, როცა ვარლეის პასის მერე იონსენს მცველმა კარის წინ დაასწრო, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს, ქუთაისში გაიმართება.

„ომონია“ – „ტორპედო“ 3:1 (1:0)

ნიქოზია, GSP სთედიუმი

„ომონია“ (4-3-3): ფაბიანო; მასურასი (დიუნკუ 89), კულიბალი, პანაგიოტუ, ხამასი; ხარალამპუსი (ევანდრო 68), მარიჩი, ერაკოვიჩი; შიმიჩი (ალიუმი 89), სტეპინსკი (კაკულისი 68), სემედუ

მწვრთნელი: ვალდაუს დამბრაუსკასი

„ტორპედო“ (4-3-3): კლიაიჩი; მჭედლიშვილი (ვარლეი 46), სანდოხაძე, სახო, ნადარაია; მონტეირო (ბიძინაშვილი 73), გიგაური (ფაცაცია 73), ელიტონი (იანსანე 46); ნინკოვიჩი (შერგელაშვილი 90), იონსენი, პირესი

მწვრთნელი: სტივ კინი

გოლები: 1:0 კულიბალი (41), 1:1 იანსანე (75), 2:1 კულიბალი (78), 3:1 ევანდრო (84)

გაფრთხილება: კულიბალი (31), ხარალამპუსი (52), ხამასი (56), ფაბიანო (75) - მჭედლიშვილი (13), ნინკოიჩი (33), გიგაური (43), იანსანე (78), იონსენი (87), სანდოხაძე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 3 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 3 (2)

მსაჯი: მარტინ მატოშა (სლოვენია)

0.116154