ვეტერანი რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი გამოვიდა იდეით, რომ საქართველოსა და რუსეთის ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს. ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე თანახმაა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც.
მან Sport-express უთხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ ეს მატჩი არჩევნების შემდეგ გაიმართება.
„პოლიტიკა ასე თუ ისე, ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე და რეტრო მატჩს თუ ჩავატარებთ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, საზოგადოება შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგიც მომხრე. მე როგორ ვუყურებ? მიმაჩნია, რომ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს საქართველოსთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ამიტომ, ასეთ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ ეს არჩევნების შემდეგ ჩატარდეს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება“, - თქვა დემეტრაძემ.
რაც შეეხება ანდრეი არშავინის განცხადებას, შემდეგნაირია:
„ბელარუსის შემდეგ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდების მატჩი საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან უნდა გამართოს. ახლა ეს აქტუალურია, ასეთი შეხვედრები აერთიანებს ხალხებს და ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ, უსასრულოდ გამართოთ სამიტები და კონფერენციები, მაგრამ ის, რაც ხალხს აერთიანებს, არის ფეხბურთი. თბილისში, ნაკრებების რეტრო მატჩისთვის სტადიონი შეიძლება გაივსოს. იქ ყოველთვის კარგი დონის ფეხბურთელები იყვნენ, თუ არველაძე, ასათიანი, დემეტრაძე, აშვეთია, კობიაშვილი, ქინქლაძე მოედანზე გავიდნენ, ეს ლეგენდების ლიგის მნიშვნელოვანი მატჩი იქნება“, - თქვა არშავინმა.