საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა.
ლადო კილასონიას გუნდმა მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში იტალია 24:13 დაამარცხა. პირველ ტაიმში იტალიელები ორჯერ დაწინაურდნენ ორი ჯარიმით, რომელთა შუაში იყო გერგედავას ლელო. თუმცა, ტაიმის მიწურულს მეორე ლელო წულუკიძემ მიითვალა, რომელიც ცირეკიძემ გარდასახა და ტაიმი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 12:6 მოიგეს.
მეორე ნახევარი საქართველომ შესანიშნავად დაიწყო და 6-წუთიან ინტერვალში ქევხიშვილმა და კეშელავამ ორი ლელოს დადება მოახერხა, საიდანაც ერთი გარდასახა ცირეკიძემ. მატჩის ბედიც 66-ე წუთისთვის გადაწყდა. დარჩენილ დროში იტალიამ ერთი გარდასახული ლელო მიითვალა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ იტალია ჯგუფურ ეტაპზეც დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირი მეცხრე საფეხურზე დაასრულეს და ელიტაში ადგილის შენარჩუნებაც შეძლეს.
იტალია - საქართველო 13:24 (6:12)