ჩოგბურთი

19:55 | 14.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასმა უიმბლდონი ზედიზედ მეორედ მოიგო

უიმბლდონის ფინალში კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში, 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

ესპანელი შეუცდომელი და დომინანტი იყო. განსაკუთრებით საწყის ორ სეტში, რომლებიც 6:2, 6:2 მოიგო. ალკარასი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და ნოლესთვის შანსი უბრალოდ არ მიუცია.

მესამე სეტი გაცილებით დაძაბული გამოდგა. 5:4-ზე ალკარასი საკუთარ ჩაწოდებაზე 40:0 დაწინაურდა და სამმაგი მატჩ-პოინტი ჰქონდა, როცა ყველამ დაიჯერა, რომ ჯოკოვიჩი ვერ გაიბრძოლებდა, მაგრამ სერბმა უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო, 0:40-დან გეიმი მოიგო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. თუმცა, იქ მაინც ალკარასმა იმძლავრა - 7:4.

ალკარასს 5 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ნოვაკს 8 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა. ფინალური მატჩი მხოლოდ 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.

ამრიგად, შარშანდელი წაგების გამო ჯოკოვიჩმა ალკარასთან რევანში ვერ აიღო და ისევ 21 წლის ესპანელი გაჩემპიონდა, რომელმაც უიმბლდონი ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირები უკვე 4-ჯერ აქვს მოგებული (თითოჯერ ამერიკის და საფრანგეთის ღია პირველობები).

კარლოს ალკარასი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:0 (6:2, 6:2, 7:6(7:4))

0.11239