ფეხბურთი

20:40 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილი ჩვენს გუნდს ტექნიკურ თვისებებს და გამოცდილებას შესძენს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მიუხედავად ასაკისა, ზურიკო გუნდს გამოცდილებას მოუტანს.

„ზურიკო მოგვიტანს ტექნიკურ უნარებს, ასევე გამოცდილებას, განსაკუთრებით საერთაშორისოს, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იყოს ძალიან კარგი მეპასე, მაგრამ ასევე შეტევის დამსრულებელიც. მას აქვს მეტოქის მოტყუების უნარიც, მაღალი ხარისხი, რომელიც ასევე საჭიროების შემთხვევაში ბურთის შენარჩუნების საშუალებასაც მოგვცემს“, - თქვა დალ’ოლიომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე ის „დინამო თბილისის“, „ლოკომოტივის“, „რუბინის“, „როტორის“, ტულის „არსენალის“ და „დინამო ბათუმის“ რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ლიგა 1-ში კი, წელს დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დაამარცხა. „მწვანეები“ ლიგა 1-ის პირველ ტურში „მონაკოს“ შეხვდებიან.

0.114993