ინგლისის ნაკრებმა ნიდერლანდებთან ევრო 2024-ის ნახევარფინალური მატჩი მოიგო (2:1) და ტურნირის ფინალში გავიდა. ამრიგად, ბრიტანელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ და ამ მაჩვენებლით ისტორიაში მეოთხე გუნდი გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისამდე ზედიზედ ორ ევროფინალში მხოლოდ ესპანეთის (2008 და 2012), გერმანიის (1972, 1976 და 1980 - გფრ, ასევე 1992 და 1996 - გერმანია) და სსრკ-ის (1960 და 1964) ნაკრებებმა ითამაშეს.
1960 წლის ევროპის ჩემპიონატზე სსრკ-ის ნაკრებს 1964 წელს თბილისის „დინამოს“ გამაჩემპიონებელი, გავრილ კაჩალინი წვრთნიდა, ხოლო 1964 წლის ევროზე კონსტანტინ ბესკოვი. ორი განსხვავებული მწვრთნელი ასევე მუშაობდა ესპანეთთან 2008 წელს (ლუის არაგონესი) და 2012 წელს (ვისენტე დელ ბოსკე). ამრიგად, ზედიზედ ორ ევრო ფინალში მხოლოდ სამი მწვრთნელი გავიდა - გერმანელები ჰელმუტ შიონი და ბერტი ფოგთსი, ასევე ინგლისელი გარეტ საუთგეიტი.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალი, რომელშიც ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან, 14 ივლისს გაიმართება. თამაში ბერლინის „ოლიპიაშტადიონზე“ თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.