ფეხბურთი

10:26 | 11.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიამ ურუგვაი დაამარცხა და 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალში გავიდა
კოლუმბიის ნაკრები 28 მატჩში დაუმარცხებელია

10-11 ივლისის ღამეს შარლოტაში (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა) 2024-ის კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ურუგვაის ნაკრები კოლუმბიასთან 0:1 დამარცხდა.

კოლუმბიელთაგან ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე ნახევარმცველმა ჯეფერსონ ლერმამ გაიტანა. ნესტორ ლორენსოს შეგირდებმა მთელი მეორე ტაიმი უმცირესობაში გაატარეს, მარჯვენა მცველმა დანიელ მუნიოსმა 45+1-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.

მატჩის შემდეგ ურუგვაის ფეხბურთელებსა და კოლუმბიელ გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მოხდა. მასობრივი ჩხუბის დროს ურუგვაელ თავდამსხმელს, დარვინ ნუნესს, რომელიც ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა, გულშემატკივარმა სახეში დაარტყა. ფეხბურთელმა კი მას სკამი ესროლა.

ამრიგად, კოლუმბიის ნაკრებმა ყველა ტურნირზე დაუმარცხებელი სერია გააგრძელა, რომელიც ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ 28 თამაშს შეადგენს. ეს სერია მოიცავს 22 მოგებულ მატჩს და ექვს ფრეს. ამასთან, კოლუმბიელებმა ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგეს.

კოლუმბიელები ბოლოს 2022 წლის 2 თებერვალს დამარცხდნენ არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (0:1).

14-15 ივლისის ღამეს, 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიელები არგენტინის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. წინა დღეს კი ურუგვაი კანადას მესამე ადგილისთვის გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133711