ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის ფინალშია. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი არც საფრანგეთს შეუშინდა და ისევ ჩვეულ სტილში ითამაშა, შედეგსაც მიაღწია.
„ფურია როხამ“ გზა რიხით განვლო - პირველი ნაკრებია, რომელმაც ერთ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. არადა, თითქოს, ამას ტურნირის წინ არავინ ელოდა. ყოველ შემთხვევაში, ესპანეთი მთავარ ფავორიტებში არ შედიოდა.
თუმცა, ახლა ძალიან დიდი შანსია, რომ ესპანეთი ჩემპიონი გახდეს, ისტორიაში მესამედ. არადა, თამაში საფრანგეთმა უკეთ დაიწყო თამაში და სწრაფი გოლიც გაიტანა. მე-9 წუთზე კილიან მბაპეს უზადო პასის შემდეგ რანდალ კოლო მუანიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს იყო ფრანგების პირველი გოლი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ღია თამაშიდან.
თუმცა, სწრაფმა გოლმა ესპანეთზე უარყოფიდან სულაც არ იმოქმედა, დე ლა ფუენტეს შეგირდებმა მალევე წინ გასვლა შეძლეს. 16 წლის ლამინ იამალმა 21-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. ოთხიოდე წუთში ესპანეთი უკვე იგებდა - დანი ოლმომ ითამაშა შესანიშნავად და როგორც მერე გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ დანი ოლმომ ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს გადაასწრო, რადგან ორივეს 3-3 გოლი აქვთ, მაგრამ ესპანელის აქტივში 2 საგოლე პასია, ქართველს 1 ასისტი ჰქონდა.
ამრიგად, ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სადაც მეტოქეს დაელოდება - ინგლისს ან ნიდერლანდებს. საფრანგეთის ნაკრებმა კი, მოლოდინი ვერ გაამართლა - ვერც შედეგი აჩვენა და თამაშის ხარისხიც ძალიან დაბალი დონის იყო.
ესპანეთი - საფრანგეთი 2:1 (2:1)
მიუნხენი, „ალიანს არენა“
ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი; ნავასი (ვივიანი 58), ნაჩო, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, ფაბიან რუისი; იამალი, დანი ოლმო (მერინო 76), ნიკო უილიამსი; მორატა (ოიარსაბალი 76)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საფრანგეთი (4-3-3): მენიო; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, ტეო ერნანდესი; კანტე (გრიზმანი 62), ჩუამენი, რაბიო (კამავინგა 62); დემბელე (ჟირუ 79), კოლო მუანი (ბარკოლა 62), მბაპე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გოლები: 0:1 კოლო მუანი (9), 1:1 იამალი (21), 2:1 დანი ოლმო (25)
გაფრთხილება: ხესუს ნავასი (14), იამალი (90) - ჩუამენი (60), კამავინგა (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 8 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)