საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, ვილი სანიოლის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ორივე მხარის სურვილია, რომ თანამშრომლობა გააგრძელონ.
„ვილის წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება, ვაგრძელებთ მუშაობას. სამომავლო გეგმებზე ვილისთან ნალაპარაკები გვაქვს, არა მარტო ახლა, არამედ პლეი-ოფების დროს და ასევე ევროპის ჩემპიონატზე. გვინდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩვენთან. ვილის პოზიციაცაა, რომ აქ კომფორტულადაა, გეგმები აქვს, არ არის ეს მისთვის ბოლო, ხედავს ამ გუნდის პოტენციალს, შესაბამისად, მისი სურვილია, რომ დარჩეს. ამას უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დეტალურად გავივლით, ლოგიკურია, რომ მოთხოვნები სხვადასხვაა, ეს მისაღებია და ბუნებრივია, რომ ასე იყოს. თუმცა, ცალსახად ვამბობ, რომ ორივე მხარეს გვინდა ერთად რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ“, - თქვა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლს ირლანდიის ნაკრებს და არაბულ კლუბს, „ალ-იტიჰადს“ უკავშირებენ.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც მერვედფინალში გასვლაც მოახერხა. აღსანიშნავი შედეგია ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადასვლაც. 47 წლის სპეციალისტის ხელში საქართველოს ნაკრებმა 18 მატჩი მოიგო, 6-ჯერ ფრე ითამაშა და 14-ჯერ დამარცხდა.