ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლების ტაბუ გრძელდება. ბოლო მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო - საფრანგეთია.
ეს 40 წლის წინ მოხდა, ევრო 1984-ზე, როცა „მამლებმა“ ფინალში ესპანეთი 2:0 დაამარცხა. ზოგადად, ევროპის ჩემპიონატი სულ სამჯერ აქვს მოგებული მასპინძელს - საფრანგეთის გარდა (1984), იტალიასა (1968) და ესპანეთს (1964).
1984 წლის შემდეგ მასპინძელი ორჯერ ფინალში დამარცხდა: 2004 წელს პორტუგალია და 2016 წელს საფრანგეთი, თუმცა, ასევე მასპინძლებში შეგვიძლია შევიყვანოთ ინგლისიც 2021 წელს, რადგან ფინალი „უემბლიზე“ გაიმართა და ინგლისელებმა ერთის გარდა, ყველა მატჩი იმ ტურნირზე შინ ჩაატარეს (ტურნირი სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა).
ნახევარფინალურ სტადიაზე გავარდნენ გერმანია (1988), შვედეთი (1992), ინგლისი (1996) და ნიდერლანდები (2000), სხვა შემთხვევებში კი, მასპინძელთა შედეგები უარესი იყო.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანია მეოთხედფინალში ესპანეთთან დამატებით დროში 1:2 დამარცხდა.