საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი „ალ-იტიჰადს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
არაბულ კლუბში სტეფანო პიოლის დანიშვნა თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ახლა ეს ამბავი საეჭვოა, რის გამოც „ალ-იტიჰადს“ ოთხი ფრანგი მწვრთნელი დაუკავშირეს, მათ შორისაა სანიოლიც. ვილის გარდა, ერვე რენარი, ლორან ბლანი და კრისტოფ გალტიე. სხვა დეტალები უცნობია.
სანიოლი საქართველოს ნაკრებში წელიწადში 200 000 ევროს გამოიმუშავებს, არაბების შეთავაზება ცხადია, უფრო დიდი იქნება. ფრანგს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს და მხარეებმა უკვე გამოთქვეს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, როგორც ფეხბურთის ფედერაციამ, ისე სანიოლმა.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც მერვედფინალში გასვლაც მოახერხა. აღსანიშნავი შედეგია ერთა ლიგის C დივიზიონიდან B დივიზიონში გადასვლაც. 47 წლის სპეციალისტის ხელში საქართველოს ნაკრებმა 18 მატჩი მოიგო, 6-ჯერ ფრე ითამაშა და 14-ჯერ დამარცხდა.