საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდე ნაკრები შესაბამის ასაკობრივ მსოფლიო თასზე გამოდის, სადაც მეორე შეხვედრა ირლანდიასთან ჩაატარა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.
ლადო კილასონიას გუნდმა ირლანდიას არაფერი დაუთმო და საბოლოოდ, 16:22 წააგო. პირველი ნახევარი ირლანდიელებმა 12:6 მოიგეს. „უმცროსი ბორჯღალოსნების“ რიგებიდან პირველ ნახევარში ექვსივე ქულა ლუკა ცირეკიძის აქტივშია, რომელმაც ორი ჯარიმა გაიტანა.
მეორე ტაიმი საქართველოსთვის კარგად დაიწყო. ნიკა ლომიძემ ლელო მიითვალა, რომელიც ცირეკიძემ გარდასახა და საქართველო დაწინაურდა (13:12). შემდეგ გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს და საქართველოს ნაკრები ბოლო წამებამდე იგებდა (16:15).
თუმცა, მაშინ, როდესაც დრო უკვე ამოწურული იყო და მსაჯი უბრალოდ ბურთის მოედნის ფარგლებიდან გასვლას ელოდა საფინალო სასტვენისთვის. ირლანდიამ ლელოს დადება მოახერხა, რომელიც გარდასახეს და გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ირლანდიამდე პირველ ტურში ავსტრალიასთან 11:35 წააგო, ბოლო ტურის მატჩს კი, 9 ივლისს, იტალიის ნაკრებთან ჩაატარებს.