ფეხბურთი

20:00 | 1.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანი: "რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ნაჩვენები შედეგით ამაყია, მაგრამ ამავდროულად გულდაწყვეტილია, რომ მეტს ვერ მიაღწიეს.

„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! რთულია, გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შეძლო, თითქოს, ამ დაუღალავმა 33 წლიანი წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი. ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთვამს, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე. ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხდით, რომელთა წინააღმდეგ “ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუმცა, ასეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს,საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა. ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე, როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა“, - დაწერა გველესიანმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ერთი მატჩი მოიგო (პორტუგალიასთან 2:0), ერთხელ ფრეს დასჯერდა (ჩეხეთთან 1:1) და ორჯერ დამარცხდა (თურქეთსა 1:3 და ესპანეთთან 1:4), გაიტანა 5 გოლი, გაუშვა 8 და ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

0.11448